Accessibility links

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ


COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დადგინდეს აღნიშნული ობიექტების გახსნის თარიღი. ამას გარდა, ისინი მიიჩნევენ, რომ სექტორის მიერ თავისი ეკონომიკური როლის სრულად დასაბრუნებლად აუცილებელია დაწესდეს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის, დღგ-ს კუთხით. სექტორის წარმომადგენლების აზრით, საჭიროა ასევე საკრედიტო დახმარებაც.

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენელთა მიერ ჩამოყალიბებული კრიზისის დაძლევის ხედვა ითვალისწინებს ასევე ღია სივრცეებში „გადარჩენის პარკის“ შექმნის ინიციატივას:

„დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი - „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.

აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე.

გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, - ნათქვამია კლუბებისა და ბარების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. ჯგუფი ასზე მეტ ბარსა და კლუბს აერთიანებს.

მთავრობის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმის თანახმად, ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი მეხუთე ეტაპზე, ხოლო გასართობი საქმიანობა ბოლო, მეექვსე ეტაპზე უნდა დაშვებულიყო, რაც დაახლოებით ივნისის პერიოდს მოიცავს.

ეპიდემოილოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის ორკვრიანი ინტერვალი ძირითადად დაცული არ ყოფილა და შეზღუდვების ნაწილი სავარაუდო თარიღზე ადრეა მოხსნილი, თუმცა პროცესები ძირითადად მესამე ეტაპის შერბილებას არ გასცდენია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG