Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ადანაშაულებს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის 10 კილომეტრიან ზონაში სადამკვირვებლო ფრენებზე მოსკოვის უარი განაპირობა „საქართველოს დესტრუქციულმა პოზიციამ“, რის გამოც 2018 წლიდან მოყოლებული რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს თავზე ვერც ერთი სადამკვირვებლო ფრენის განხორციელება ღია ცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

ღია ცის შესახებ (TOS) ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთის ტერიტორიის თავზე აწარმოონ სათვალთვალო ფრენები სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ.

რუსეთი უარს აცხადებს დაუშვას სადამკვირვებლო ფრენები მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარედ ათკილომეტრიან დერეფანში, რითაც ცდილობს გაამყაროს მისივე ყალბი განცხადებები, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

„პრობლემის საფუძველი პოლიტიკური ხასიათისაა. ღია ცის ხელშეკრულების ინსტრუმენტებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია პოლიტიკური უთანხმოების დარეგულირება. უბრალოდ ის არ არის ამისთვის დანიშნული. ამასთან 10 კოლომეტრიანი ზონა დიდი არ არის. ის რუსეთის მთელი ტერიტორიის 0,02 პროცენტს შეადგენს. დაკვირვების სხვადასხვა კონფიგურაციის აპარატურის გამოყენებით, ტექნიკური თვალსაზრისით, მითითებული ზონების გამოსახულების გარანტირებული მიღება შესაძლებელია, მის ფარგლებში შეფრენის გარეშეც“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველო არღვევს TOS-ის ხელშეკრულების არსებით მოთხოვნებს, რომელიც ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყანას ავალდებულებს დაუშვას სადამკვირვებლო ფრენა თავის ტერიტორიაზე.

„თუმცა, როგორც ჩანს, აშშ-სა და ხელშეკრულების სხვა მასავით „უმწიკვლო შემსრულებელს“, ასეთი უხეში დარღვევა მაშინაც კი არ აწუხებს, როდესაც TOS-ის ფარგლებში, საქართველოს დესტრუქციული პოზიციის გამო საერთოდ ვერ მოხერხდა ვერც ერთი სადამკვირვებლო ფრენის განხორციელება. ვანკუვერიდან ვკლადივოსტოკამდე რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტრისათვის TOS-ის ფასეულობის თაობაზე მათი ხმაური განცხადების მიუხედავად, ისინი მზად რიან მსხვერპლად გაიღონ ეს შეთანხმება იმისათვის, რომ გააღვივონ თბილისის პოლიტიკური ამბიციები და უბიძგონ მას რუსეთთან კონფრონტაციისკენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი. რუსეთმა დოკუმენტს 2001 წელს გაუკეთა რატიფიკაცია. ხელშეკრულებაში 34 სახელმწიფო მონაწილეობს. მათ შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიის თავზე იფრინონ სამხედრო საქმიანობის კონტროლისთვის. ხელშეკრულების დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნახევარი წლით ადრე შეტყობინების შემდეგ.

ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს, რომ ის მას ხელს უშლის ფრენაში კალინინგრადის ოლქის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან რუსეთის სასაზღვრო ზოლის თავზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, მაიკ პომპეომ, 21 მაისს განცხადა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებაზე ხელის მომწერ 34 ქვეყანას ამცნობს თავისი გასვლის შესახებ ექვს თვეში, მაგრამ შეიძლება გადაიფიქროს ეს, თუ რუსეთი პირობების სრულად შესრულებას დაუბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG