Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე ახალი განცხადებით უპასუხა თბილისს


მას შემდეგ, რაც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 26 მაისს გაკეთებულ კომენტარზე საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი მზადაა, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად მოიწვიოს რუსეთის სპეციალისტები, თავის მხრივ განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ.

სამინისტროს თქმით, საქართველოს მხარის მიერ რუსეთის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციული ხასიათი აქვს და ამის მიზანია, ამ ცენტრის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოთა სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობიდან საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე, რაც „სერიოზულ შეკითხვებს ბადებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესრულების კონტექსტში.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ლუგარის ცენტრის მონახულებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ. რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს. „სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. მოსკოვი მზადაა, გამონაკლისი გააკეთოს „ცენტრში აკრედიტებული პენტაგონელებისთვის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ლუგარის ლაბორატორიასთან აშშ-ის კავშირის გამო.

„მიუხედავად, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ბიოლაბორატორიაზე სრული კონტროლისა და დაფინანსებისა,... მის ბაზაზე მიმდინარე კვლევებს, ფაქტობრივად, კურირებას უწევს და აფინანსებს აშშ-ის თავდაცვის უწყება და მასთან აფილირებული უწყებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

განაცხადებით თანახმად, ამის დასტურია ამ ობიექტზე მიმდინარე ექსპერიმენტები „მწერების გამოყენებით განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევთა გადასატანად, ასევე საბრძოლო იარაღის აღჭურვა მომწამლავი ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გაავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG