Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის საკანონმდებლო წინადადება წარადგინა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების წინადადება პარლამენტში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ წარადგინა. მან მედიასთან განმარტა, რომ არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია და დაზუსტებას 3 ძირითადი მიმართულებით მოითხოვს:

„პირველი – საზოგადოებისთვის მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა გახდეს ცნობილი, ვინ იქნება კანდიდატი; მეორე – პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა უნდა მოხდეს სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3-ის მიერ; მესამე – ვფიქრობთ, რომ კანდიდატის დასახელება არ უნდა იყოს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია.პლენუმის ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს კანდიდატის დასახელების უფლება”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის საჭიროება მას შედეგ დადგა, რაც რამდენიმე კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი ისე დაინიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრების ნაწილმა არც კი იცოდა, ვინ იქნებოდა კანდიდატი.

„პლენუმის წევრს ხშირად ბრმა სივრცეში უწევს გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას სულხან სალაძემ.

15 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი 2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კი 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

XS
SM
MD
LG