Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: გამოდის, რომ სატრანზიტო ავტომობილების მძღოლები მაღალი რისკის შემცველები არიან


გადამზიდავი კომპანიების მფლობელებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოუწოდა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო შტაბთან, „რამეთუ გამოდის, ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველი და მათი კონტროლი, ისე, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში იმყოფება და დეპუტატთა შეკითხვებს პასუხობს.

30 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სატრანზიტო მანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 738-დან 746-მდე გაიზარდა.

გამოვლენილი შემთხვევებიდან 6 საკარანტინო ზონიდანაა, 2 - სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

21 მაისის შემდეგ, ახალი შემთხვევების რაოდენობა 5-ს არ აჭარბებდა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კი, 1-დან 3-მდე მერყეობდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 576-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 418-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

XS
SM
MD
LG