Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: როინიშვილის დანიშვნით გაიზარდა კლანის გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ე.წ. კლანის გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში გაიზარდა.

ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ვასილ როინიშვილი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერით რომ არ სარგებლობდეს, ის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას ვერ დაიკავებდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აღნიშნავს ორ გარემოებას, რომელიც, მისი აზრით, მიუთითებს კლანის მიერ ვასილ როინიშვილის ნდობაზე:

„2019 წლის დეკემბერში ვასილ როინიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 10-წლიანი ვადა ეწურებოდა. მიუხედავად ამისა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვასილ როინიშვილს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა, მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. როინიშვილს იმ მომენტისათვის წარმოებაში ჰქონდა 527 საქმე. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე აირჩია უზენაეს სასამართლოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმეები სხვა მოსამართლეებზე გადანაწილებას დაექვემდებარა და ვასილ როინიშვილს დატვირთულობის შემცირების შესაძლებლობა გაუჩნდა. თუმცა, დეკემბრიდან მოყოლებული, 5 თვის განმავლობაში ის ისე ახორციელებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არც კი განუხილავს ეს საკითხი და არ დაუსვამს მთავარი კითხვა, ადგილი ხომ არ ჰქონდა საქმეების განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვასილ როინიშვილი დეკემბერში, იმავე დღეს, როდესაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელეს, წარუდგინა საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამ გადაწყვეტილებებით კარგად ჩანს, რომ მას ე.წ. კლანის მხარდაჭერა ჰქონდა და აქვს“, - აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუკში.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 29 მაისს, 18 ხმით დაუჭირა მხარი ვასილ როინიშვილის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. 2 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

არასამთავრობო სექტორი მოითხოვდა, პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, პლენუმს კანდიდატურა დაესახელებინა, კანდიდატურისთვის კენჭისყრა კი მოგვიანებით გაემართა.

ვასილ როინიშვილი 2006-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და სადისციპლინო პალატის წევრი.

მოსამართლის ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში გაჩნდება 15 ივნისიდან, როდესაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი 2010 წლის 30 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კი 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

XS
SM
MD
LG