Accessibility links

ტრამპის თქმით, აშშ ჰონგ-კონგს გაუუქმებს ურთიერთობების განსაკუთრებულ პირობებს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის მთავრობას ავალებს, დაიწყოს ჰონგ-კონგისთვის განსაკუთრებული პირობების გაუქმება პასუხად ჩინეთის გეგმებზე, უსაფრთხოების ახალი კანონი დაუწესოს თავის ამ ავტონომიურ ტერიტორიას.

ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე და თქვა, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის ავტონომიის თაობაზე სიტყვა გატეხა. ტრამპის თქმით, ეს ტრაგედიაა ჰონგ-კონგის ხალხისთვის, ჩინეთისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ტრამპის განცხადება მოჰყვა ჩინეთის გადაწყვეტილებას, ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობა გაავრცელოს ჰონგ-კონგზე.

28 მაისს ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ (საკანონმდებლო ორგანომ) მიიღო „კანონი უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას ჰონგ-კონგში და ავტონომიური ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას აძლევს ჩინეთის პოლიციისა და სპეცსამსახურის ადგილობრივ „ფილიალებს“.

კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება მოწოდებები ჰონგ-კონგის ჩინეთიდან გამოყოფასთან დაკავშირებით. კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშისა და ჰიმნის შეურაცხყოფისთვის. დამნაშავე დაისჯება 6,5 ათასი დოლარის ჯარიმით ან პატიმრობით 3 წლამდე ვადით.

მე-19 საუკუნის შუა წლებში, ოპიუმის პირველ ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ, ჰონგ-კონგი გახდა დიდი ბრიტანეთის კუთვნილება და საუკუნე-ნახევრის განმავლობაში აზიის უმსხვილეს სავაჭრო-საფინანსო ცენტრად იქცა.

მე-20 საუკუნის ბოლოს ჩინეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის დასაბრუნებლად. ქალაქი, თავისი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემით, გადავიდა ავტორიტარული სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ოღონდ ჰონგ-კონგს მიეცა პირობა, რომ 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ლოზუნგით - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG