Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტოკოლი სპორტსმენებისთვის: შამათი 2 მეტრის სიშორიდან


საქართველოს მთავრობამ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შეიმუშავა დროებითი პროტოკოლი, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს სპორტსმენებს უსაფრთხოდ ივარჯიშონ, ხოლო სპორტულ ფედერაციებს - გამართონ შეკრებები და ტურნირები.

პროტოკოლის მიხედვით, ვარჯიშის და შეჯიბრის ორგანიზატორებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმებისა და დისტანციის დაცვას და სხვა.

2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულოა არაკონტაქტური სპორტის სახეობებისთვის, ხოლო კონტაქტურისთვის დაიშვება გამონაკლისი. შესაბამისად, პროტოკოლით განისაზღვრა უკონტაქტო და კონტაქტური სპორტის სახეობები.

2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულოა სპორტის შემდეგ (არაკონტაქტურ) სახეობებში: კანოე, მშვილდოსნობა, საავტომობილო, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფარიკაობა, მეკლდეურობა, ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური), სროლა, საცხენოსნო, მაგიდის ჩოგბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ათლეტიზმი, სათხილამურო, მძლეოსნობა.

2-მეტრიანი დისტანციის დაცვა არ მოეთხოვებათ სპორტის კონტაქტურ სახეობებში დაკავებულ სპორტსმენებს ანუ ძიუდოისტებს, მოჭიდავეებს, სამბისტებს, მოკრივეებს, კარატისტებს, მკლავჭიდელებს, ფეხბურთელებს, რაგბისტებს, კალათბურთელებს, ნიჩბოსნებს, ხელბურთელებს, ფრენბურთელებს, სუმოისტებს, კიკბოქსიორებს ისევე როგორც ტაეკვონდოთი, ფიგურული ციგურაობით (წყვილები) და საწყლოსნო სპორტით დაკავებულ პირებს.

„შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა, ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია. კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება. შეკრებაზე და შეჯიბრზე უნდა მოხდეს მხოლოდ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირების დაშვება; შეკრების ან შეჯიბრის დასრულებამდე უნდა გამოირიცხოს სპორტსმენების კონტაქტი გარეშე პირებთან“, - ვკითხულობთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავებულ „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებით პროტოკოლში“.

XS
SM
MD
LG