Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაია: სახლიდან მხოლოდ აუცილებელი მიზეზით უნდა გამოვიდეთ


სახლიდან გარეთ გამოსასვლელად აუცილებელი მიზეზი უნდა გვქონდეს, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ადამიანებმა ბოლო თვეებში გამომუშავებული უნარ-ჩვევები არ უნდა დაივიწყონ და ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდონ.

"აუცილებელია, შევინარჩუნოთ ის უნარ-ჩვევები, რაც ჩვენ ამ 3-4 თვის განმავლობაში მივიღეთ - ეს არის: დისტანცირება, პირბადეების მოხმარება, თავშეყრის ადგილებთან თავის არიდება და სახლიდან გამოსვლის აუცილებელი მიზეზი. არ უნდა ვიყოთ მუდმივად გარეთ და კონცენტრირებული თავშეყრის ადგილებში. სავალდებულოდ აუცილებელი მიზეზი უნდა გახდეს ჩვენი, თითოეული ადამიანის გარეთ გასვლის მიზეზიც. ხომ ვისწავლეთ ჩვენ კოვიდთან ერთად ცხოვრება და გავაგრძელოთ ჯერჯერობით კოვიდთან ერთად ცხოვრება იმ უნარ-ჩვევებით, რაც მივიღეთ - ნუ დავივიწყებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

31 მაისის მონაცემებით, 757 დადასტურებულ შემთხვევას 26 ახალი შემთხვევა დაემატა და COVID-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 783-ს მიაღწია. ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გამოვლინდა, ხოლო 4 - ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.

საქართველოში განკურნებულთა მაჩვენებელი 5-ით გაიზარდა და ამჟამად 605-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG