Accessibility links

თეა წულუკიანის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა როტაცია 2 კვირამდე შემცირდა


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში რჩებიან, თუმცა როტაციის პერიოდი 2 კვირამდე შემცირდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს რეჟიმი პენიტენციურ დაწესებულებებში შენარჩუნდება მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ პანდემია დასრულებულია:

„4, 5, 6 და მეტი კვირა 800-მდე თანამშრომელმა გაატარა პენიტენციურ სისტემაში, ეს იყო გარდაუვალი საჭიროება, მაგრამ იყო ერთჯერადი. ისინი დაუბრუნდნენ უკვე ოჯახებს. ვინც არის დარჩენილი, ისინიც მალე დაუბრუნდებიან ოჯახებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი განმარტებით, ეს პირები დასვენებისა და ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ოღონდ ორ კვირამდე ხანგრძლივობის ყაზარმულ რეჟიმში.

საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, 1 ივნისს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თანამშრომელთა როტაციის პერიოდის შემცირების მიზნით, პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა 60 კაცით გაიზარდა.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის და განსაკუთრებული პირადი გარემოებების გამო დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. მარტის ბოლოდან 780 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.

20 მაისიდან განახლდა ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის ამანათების გაგზავნა. მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG