Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები კომენდანტის საათის დროსაც გაგრძელდა


ნიუ-იორკის პოლიციის უფროსმა ანტირასისტული აქციის მონაწილეებთან ერთად დაიჩოქა
ნიუ-იორკის პოლიციის უფროსმა ანტირასისტული აქციის მონაწილეებთან ერთად დაიჩოქა

აშშ-ის ქალაქებში გრძელდება აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული ანტირასისტული საპროტესტო აქციები.

ფლოიდის მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში მისი მეგობრების და ოჯახის წევრების მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობდა ათეულობით ათასი ადამიანი, მათ შორის, ქალაქის მერი.

საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიასა და ჩიკაგოში. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დემონსტრანტები მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამდნენ ღამის კომენდანტის საათის დადგომის შემდეგაც. აქცია მიმდინარეობდა თეთრ სახლსა და კონგრესთან. ათასობით დემონსტრანტმა კაპიტოლიუმის შენობასთან დაიჩოქა.

ამასთან, გვიან საღამოს ზოგიერთი მშვიდობიანი აქცია ისევ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებასა და მაღაზიების ძარცვაში. მათ შორის, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში. პოლიციამ ათეულობით პირი დააკავა.

ნიუ-იორკის პოლიციის უფროსმა, ტერენს მონაჰანმა, რომელმაც ორშაბათს საღამოს, მანჰეტენზე დემონსტრანტებთან ერთად დაიჩოქა, სამშაბათს საღამოს, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის, რაც ჯორჯ ფლოიდს შეემთხვა, არასწორი იყო და ამის შედეგს დღეს მთელი პოლიცია იმკის.

მონაჰანის ინფორმაციით, ნიუ-იორკში საპროტესტო აქციაზე ვითარების დაძაბვის შემდეგ, ორგანიზატორებმა პოლიციელებს თავად სთხოვეს დახმარება, ამიტომ მან მიკროფონით მიმართა დემონსტრანტებს და სთხოვა პოლიციელებისთვისაც გაეწიათ დახმარება აგრესიულად განყობილი პირებისგან ქალაქის დასაცავად. მონაჰანის ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჰკითხა, ხომ არ დაიჩოქებდა მასთან ერთად და ყველაფერი ბუნებრივად, წინასწარი დაგეგმვის გარეშე მოხდა.

აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს, ქალაქ მინეაპოლისში გარდაიცვალა პოლიციელების მიერ დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ფლოიდს პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერს და ამას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც ფლოიდი ეუბნება, რომ ვეღარ სუნთქავს. ოჯახის მიერ მიწვეულმა ექსპერტმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დაასახელა.

პოლიციის ოფიცერი დაკავებულია გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით. ფლოიდის ოჯახი და მისი ადვოკატები მოითხოვენ, რომ პოლიციელი ყველაზე მძიმე, პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლით გასამართლდეს და პასუხი აგოს საქმეში მონაწილე კიდევ სამმა ოფიცერმა. ყველა მათგანი პოლიციიდან დაითხოვეს.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების და არეულობების გამო, აშშ-ის 60-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. 25-ზე მეტ შტატში პოლიციის დასახმარებლად მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

XS
SM
MD
LG