Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი მზად არის, მიიღოს ჰონგ-კონგის 3 მილიონამდე მცხოვრები


დიდი ბრიტანეთი მზად არის, მიიღოს ჰონგ-კონგის სამ მილიონამდე მცხოვრები იმ შემთხვევაში, თუკი ჩინეთი გააგრძელებს მეგაპოლისზე ზეწოლას. ამის შესახებ გაზეთ Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, ჰონგ-კონგელებს ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღების საშუალება მიეცემათ.

„თუკი საჭირო იქნება, ბრიტანეთის მთავრობა წავა ამ ნაბიჯზე და მას კეთილი ნებით გააკეთებს“, წერს ჯონსონი. „ჰონგ-კონგის მრავალი მცხოვრები შიშობს, რომ მათ ცხოვრების წესს საფრთხე შეექმნა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა მისი შენარჩუნების პირობა დადო. თუკი ჩინეთი თავისი მოქმედებებით აჩვენებს, რომ ეს შიშები გამართლებულია, ბრიტანეთი უბრალოდ განზე ვერ გადგება. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას და ალტერნატიულ წინადადებას წამოვაყენებთ“.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთი მართავდა 1997 წლამდე, როცა ის ჩინეთს გადაეცა იმ პირობით, რომ ქალაქში შენარჩუნებულ იქნებოდა საგანგებო ადმინისტრაციული წესები. უკანასკნელ წლებში ჰონგ-კონგი პეკინის მხრიდან ზეწოლას განიცდის. ჰონგ-კონგის ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩინეთის მმართველი კომპარტია არ ასრულებს გამოცხადებულ პრინციპს: „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG