Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO გამოდის ნიღბების ტარების რეკომენდაციით


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეცვალა რეკომენდაცია სამედიცინო ნიღბების შესახებ და აცხადებს, რომ ადამიანებმა ნიღბები უნდა გაიკეთონ იქ, სადაც კორონავირუსი გავრცელებულია და ფიზიკური დისტანცირება რთულია.

გაეროს ჯანდაცვის უწყებამ 5 ივნისს განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებების თანახმად, ნიღბები ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მხოლოდ ნიღაბი "ვერ დაგიცავთ COVID-19-სგან". ბევრ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ნიღბების ტარების წესი, განსაკუთრებით ხალხის თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, მაღაზიებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

WHO აქამდე გამოდიოდა რეკომენდაციით, რომ ნიღბები მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებმა, კორონავირუსით ინფიცირებულებმა და მათმა მომვლელებმა უნდა ატარონ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნიღაბმა არ უნდა გააჩინოს უსაფრთხოების არასწორი განცდა და ისინი არ ცვლის ფიზიკური დისტანცირების და ხელების ჰიგიენის აუცილებლობას. ამასთან, WHO-ის თქმით, ნიღბები უფრო ვირუსის გავრცელებისგან იფარავს ადამიანს, რომელსაც ის უკეთია, ვიდრე ინფიცირებისგან.

ორგანიზაციის რეკომენდაციებმა ასევე მოიცვა არასამედიცინო, ქსოვილის ნიღბების აგებულების წესები. WHO აცხადებს, რომ ნიღაბი სხვადასხვა მასალის სულ მცირე სამი ფენისგან უნდა იყოს შეკერილი. ამან შესაძლოა მოიცვას წყლის შემწოვი შიდა ფენა, მაგალითად, ბამბა, შუა ფენა, როგორც ფილტრი, მაგალითად, პოლიპროპილენი და გარედან წყალგამძლე ქსოვილი, მაგალითად, პოლიესტერი.

მსოფლიოს მასშტაბით 400,000-მდე ადამიანი დაიღუპა ახალი კორონავირუსით, ინფიცირებულთა რაოდენობა 6,7 მილიონი ადამიანია, - იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

XS
SM
MD
LG