Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველ საჯარო მოხელეებზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


რუსთავი
რუსთავი

რუსთავის საოლქო სასამართლომ 6 ივნისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბექა თავაძეს, რომელსაც ბრალი ედება რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიასა და მერიის კიდევ ერთ მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმაში.

ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ მუზაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლომ უარყო დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ.

"შუამდგომლობას ვასაბუთებდით იმით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. ძალადობაში შემჩნეული არ იყო და აქვს ავადობის მეორე ჯგუფი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ორშაბათს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ", - თქვა ადვოკატმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ თავაძეს ბრალდება დაუმძიმა და გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 353 პრიმა მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმა), რაც 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით (ძალადობა), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატ მიხეილ მუზაშვილის თქმით, ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, რომ, მართლაც, მოხდა კამათი და "მსუბუქი ფიზიკური შეხლა-შემოხლა", მაგრამ, მუზაშვილის თქმით, წინასწარი მოკვლევით, დაზარალებულებს ფიზიკური ზიანი არ მიუღიათ.

რუსთავის მერიაში ინციდენტი მოხდა 4 ივნისს, როცა მერის მოადგილე გოჩა ლორიამ, როგორც თავად რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სპეციალურად მოიწვია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რათა თავაძისთვის კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ, არსებული დოკუმენტაციით, მერია ვერ შეძლებდა მისთვის მოთხოვნილი ნაკვეთის დარეგისტრირებას.

"ბევრჯერ მოვიდა, დაჟინებით ითხოვდა იმ მიწის დაკანონებას, რომელიც, საჯარო რეესტრის მიხედვით, მას არ ეკუთვნის", თქვა ლორიამ. "კიდევ ერთი უარის შემდეგ თავაძემ სხდომაზევე დაიწყო ყვირილი, ხოლო დაშლის შემდეგ დერეფანში ყელში სწვდა მერიის სახელმწიფო ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ანთაურს, და წააქცია. სიტუაციის განმუხტვისთვის ჩავერიე და ანთაური გამოვარიდე, მაგრამ თავაძემ ჩვენზე, ორივეზე, გამოიწია".

ლორიას თქმით, რამდენადაც ბრალდებული არ ჩერდებოდა, მერიის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციას გამოუძახეს. პრევენციისთვის გამოუძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც.

სასამართლომ მომდევნო სხდომა 16 ივლისს დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG