Accessibility links

გორში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟი დააკავეს


საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, 22 წლის თარაშ კანდელაკი სამართალდამცავებმა დააკავეს. მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟს, რომელიც ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონია, 18 წლის ე.თ-ის ცემაში ედება ბრალი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაული 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში“ მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. ჯერ კლინიკა „გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

თარაშ კანდელაკს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG