Accessibility links

გამყრელიძე: შეგვიძლია სომხეთს ტესტსისტემა ვაჩუქოთ, ან დღეში 1 000-მდე პასუხის დადგენაში დავეხმაროთ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია რიგი საკითხების მოგვარებაში დაეხმაროს სომხეთს. მისი ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, 11 ივნისს საღამოს უნდა გაიმართოს.

"დაზუსტდება, რა მოთხოვნაა სომხეთიდან და რითი შეგვიძლია დავეხმაროთ", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია დღეში 1 000-მდე ტესტის პასუხის დადგენაში დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას.

"ის, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეეხება, თქვენ უკვე იცით, რომ ეს შეთავაზება გავაკეთეთ, ჩვენ შეგვიძლია დღეში, დაახლოებით, 500-დან 1 000-მდე ტესტირება ჩავუტაროთ იქედან აღებულ ნიმუშებს ან გარკვეული რაოდენობა ტესტ სისტემების საჩუქრად გადავცეთ", - თქვა მან.

დღესვე მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველოს შეუძლია სომხეთს სამედიცინო პერსონალითაც დაეხმაროს.

სომხეთში კორონავირუსის 14 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. მათ შორის ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 240-ს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG