Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ელჩი: სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში


იგორ დოლგოვი
იგორ დოლგოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის თქმით, უკრაინის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში და არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი. ელჩის თანახმად, იგი არც საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ქართველია და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაბარებულმა იგორ დოლგოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, რომ საქართველო მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და არა მარტო პოლიტიკური წარსულით. „საქართველო ახლაც მის გულშია“, - აღნიშნა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოზე საუბარს ვერ დაუშლიან და მას აქვს უფლება სხვადასხვა საკითხზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

იგორ დოლგოვის აუდიენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.იგი საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე 11 ივნისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაკეთებულ განცხადებებებზე განმარტებებისთვის დაიბარეს.

აღნიშნულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე:

"მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ, ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში არასოდეს არ დადგება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში, კერძოდ საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა.

დავით ზალკალიანის შეფასებას თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, მინისტრი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინაში მას საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა. მის დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებით უპასუხა. ოფიციალური პირების განმარტებით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა საქართველოს ექსპრეზიდენტის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნამ კითხვები გააჩინა.

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე სამშობლოში 11 მაისს ჩამოვიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 27 მაისს განაცხადა, რომ მისი უკრაინაში დაბრუნების პროცესი სავარაუდოდ დიდხანს არ გაიწელება. მინისტრმა მაშინ აღნიშნა, რომ დააკვირდებოდნენ ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG