Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე ზეწოლაში დასდო ბრალი


აშშ-მა რუსეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე (ICC) ზეწოლაში დასდო ბრალი.

„უცხოეთის ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ICC-ის მანიპულაციას ეწევიან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა. ეს განცხადება მან გააკეთა ბრიფინგზე, რომელიც დაკავშირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებულებასთან ICC-ის ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვისა და ეკონომიკური სანქციების შემოღების შესახებ.

ტრამპმა 11 ივნისს მოაწერა ხელი ამ ბრძანებულებას. მასში ლაპარაკია ICC-იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ავღანეთში აშშ-ის სამხედროებისა და დაზვერვის თანამშრომელთა მოქმედებების გამოძიებასთან - მათ მიერ შესაძლო სამხედრო დანაშაულებების ჩადენის თაობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც ბართან ერთად ესწრებოდა ბრიფინგს, ილაპარაკა ICC-ის მიერ წარმოებულ საქმეებზე როგორც აშშ-ის სამხედროების, ისე მისი მოკავშირეების, კერძოდ, ისრაელის წინააღმდეგ. პომპეოს თქმით, ICC-ის საქმიანობა უკიდურესად პოლიტიზებული ხასიათისაა.

თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც ICC-ის წინააღმდეგ სანქციებს ეხება, ლაპარაკია ორგანიზაციის უმართებულო მოქმედებებსა და კორუფციაზე მის უმაღლეს ეშელონებში.

ტრამპის ბრძანებულება სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებებს, დაბლოკონ ფინანსური აქტივები, ასევე ICC-ის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს აუკრძალონ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

მსგავს ზომებზე სასამართლოს წინააღმდეგ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე შარშან გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG