Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: რუსული ოკუპაციის შემდეგ, ქვეყნის სტაბილიზაციის მთავარი საფრთხე "ნაციონალური მოძრაობაა"


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი, რუსული ოკუპაციის შემდეგ, პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“:

„ყველაფერი, რაც ვთქვი და უკავშირდება დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ პარტიულ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებას და ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფსევდოდასავლური იმიჯითა და ქმედებებით თანხვედრაშია ქვეყნის მთავარ გამოწვევებთან:

„ჩვენ ყველამ გასულ წელს ივნისში ვიხილეთ მათი რეალური ქმედება, მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დღეს, 12 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილი "სამთავრობო საათის" ფორმატით პარლამენტის წინაშე საქმიანობის ანგარიშით წარდგა. აღნიშნულ ანგარიშში მან განაცხადა, რომ ბოლო დროს ქვეყანაში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ისეთი ინსტიტუტების დასუსტება წარმოადგენს, როგორებიც არიან ეკლესია, ჯარი, პოლიცია.

„დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება. საბოლოო ჯამში, დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალების და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის მიზანია მოსახლეობის თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი მთავარი იდეის და მიზნის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას და საბოლოოდ თავდაცვისუნარიანობის მოშლას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ წუთებში იგი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. "სამთავრობო საათს" არ ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG