Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ოპოზიციურ ფრაქციებში განიხილავენ


საქართველოს პარლამენტში გრძელდება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა. დღეს, ფინანსთა სამინისტრო ცვლილებებს წარუდგენს ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციებს.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი 9 ივნისს გამოაქვეყნა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო იცვლება.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით, ეკონომიკა 4%-ით მცირდება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით და ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი იქნება 8.5%.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო, ქვეყნის ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო, ხოლო დეფიციტი 2.5% უნდა ყოფილიყო.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისული ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებენ. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, შეცვლილი ბიუჯეტი არ პასუხობს ქვეყნის და მოქალაქეების საჭიროებებს.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა 10 ივნისიდან მიმდინარეობს. შემაჯამებელი სხდომა 17 ივნისს გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.

XS
SM
MD
LG