Accessibility links

საქართველოში პრობლემად რჩება ვიდეოთვალთვალის და პერსონალურ მონაცემთა შენახვის წესების დარღვევა


ვიდეო-აუდიო მეთვალყურეობის და პერსონალური მონაცემების შენახვის წესების დარღვევაა დასახელებული პრობლემებს შორის სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დღეს წარუდგინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

თოლორაიას ინფორმაციით, 2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა 422-მა მოქალაქემ. მათი 81% მიუთითებდა კერძო დაწესებულებაში პერსონალური მონაცემების არაკანონიერ დამუშავებაზე და დანარჩენი - საჯარო სექტორში.

სახელმწიფო ინსპექტორის მონაცემებით, დადასტურდა 135 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 96 შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრათ კერძო ორგანიზაციებს და 39 შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებებს.

ლონდა თოლორაიას თქმით, ვიდეოთვალთვალი განსაკუთრებით აქტუალურია კერძო ორგანიზაციებში და არის შემთხვევები, როცა პარალელურად ხორციელდება დასაქმებულთა აუდიოთვალთვალი და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერები გამოსახულების გარდა აუდიოჩაწერასაც ახორციელებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის განმარტებით, ასეთ ქმედებას შესაძლოა, კანონიერი მიზანი ჰქონდეს, როცა ხდება სივრცეში, სადაც მომხმარებელს ემსახურებიან, მაგრამ არის სხვა სივრცეებში მსგავსი თვალთვალის ფაქტებიც.

ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, არის შემთხვევებიც, როცა ორგანიზაციებში არ არის მკაცრად რეგულირებული ჩანაწერების შენახვა.

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, კერძო და საჯარო დაწესებულებები და სამართალდამცავები ასაჯაროებენ მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად, ნასამართლობის და ჯანმრთელობის შესახებ. ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხდება ასეთი მონაცემების გადაცემა არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ ისეთი მესამე პირებისთვისაც, რომლებსაც მსგავს ინფორმაციაზე ხელი არ უნდა მიუწვდებდეთ.

საჯარო და კერძო სკოლებში არსებული ვითარების შეფასებისას სახელმწიფო ინსპექტორმა თქვა, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს და არის შემთხვევები, როცა ბავშვების დოკუმენტები ინახება ისეთ ადგილზე, რომელზეც ხელი მიუწვდება არა მხოლოდ უფლებამოსილ პირს, არამედ სკოლის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც.

გარდა ამისა, ზოგიერთ სკოლაში ვიდეოთვალთვალის წესები მკაცრად არ არის რეგულირებული და იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებშიც ხორციელდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG