Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხულთა 62%: მემკვიდრეობა ქალ-ვაჟს შორის თანაბრად უნდა გაიყოს


საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება სრულად ან, მისი უდიდესი ნაწილი, ვაჟს უნდა გადაეცეს, - ასეთი სურათი გამოკვეთა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებულმა გამოკვლევამ, რომლის პრეზენტაციაც 16 ივნისს გაიმართა.

რესპონდენტების 62 % ფიქრობს, რომ მშობლების ქონება (საცხოვრისი) თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, 20 პროცენტი ამბობს, რომ მემკვიდრეობა მთლიანად ვაჟს უნდა დარჩეს, ხოლო 15 პროცენტის აზრით, ვაჟმა მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი უნდა მიიღოს.

მემკვიდრეობის დიდი წილის ან სრულად მიღების უპირატესობა ვაჟებს თითქმის თანაბრად მიანიჭეს ქალებმა და კაცებმა - კაცების 38-მა და ქალების 34-მა პროცენტმა. ასევე უმრავლესობა - 67 პროცენტი - ეთანხმება, რომ მიწა მემკვიდრეებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს, გენდერის მიხედვით განსხვავების გარეშე.

ძვირფასი ნივთების, ფულის, ავტომანქანებისა და სხვა მოძრავი ქონებისა და ოჯახის ბიზნესის მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით, რესპონდენტების 70-77 პროცენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, ხოლო 16-28 პროცენტის აზრით, ქონება სრულად ან მისი დიდი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს.

2013 წელს, რესპონდენტების მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევდა, რომ მშობლების ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 62 პროცენტამდე გაიზარდა.

ასევე, 2013 წელს რესპონდენტების დაახლოებით ნახევარმა მიიჩნია, რომ მიწა თანაბრად უნდა განაწილებულიყო ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი ორ მესამედზე მეტი გახდა.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

XS
SM
MD
LG