Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკრეტული შვებულება: უნდა მიეცეს როგორც ქალებს, ასევე კაცებს


„დეკრეტული შვებულება უნდა მიეცეთ როგორც ქალებს, ისე კაცებს“, - გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, ამ აზრს იზიარებს ქალების 67% და კაცების 65%.

მამის დეკრეტული შვებულების მარეგულირებელი კანონმდებლობის არსებობის შესახებ გამოკითხულთა ნახევარმა იცოდა. მათი 54 პროცენტი აცხადებს, რომ არაფერი იცოდნენ კანონზე, რომელიც ახალბედა მამას შვებულების აღების უფლებას აძლევს, ხოლო, დაახლოებით, 20 პროცენტს ეგონა, რომ მსგავსი კანონი საერთოდ არ არსებობდა.

კანონის შესახებ ინფორმაციას უფრო მეტი ქალი ფლობდა, ვიდრე კაცი (ქალების 31 და კაცების 21 პროცენტი) და აცხადებდა, რომ ასეთი კანონმდებლობა საქართველოში ნამდვილად არსებობს.

დაახლოებით, სამიდან ორი ქალი და კაცი მხარს უჭერს მშობლების დეკრეტული შვებულების, კონკრეტულად კი, მამის დეკრეტული შვებულების იდეას.

ხოლო კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა კანონი მამის გარანტირებული დეკრეტული შვებულების შესახებ, სამი რესპონდენტიდან ორმა განაცხადა, რომ ეს ქალსა და კაცს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

რესპონდენტებმა დადებითად უპასუხეს კითხვას, საჭიროა თუ არა კანონი, რომელიც დედებს დედის დეკრეტული შვებულების გამოყენების უფლებას მისცემს, ხოლო მამებს მამის დეკრეტული შვებულებისა. ბოლო წლების განმავლობაში, მამების შვებულების იდეის მხარდაჭერა გაიზარდა.

2013 წელს, ყოველი მეორე გამოკითხული ამბობდა, რომ მამების შვებულების კანონის საჭიროებას ვერ ხედავდა, და თითქმის იგივე რაოდენობა არ უჭერდა მხარს იდეას, რომ მამებისთვის შვეულების მიცემა დამსაქმებლის ვალდებულება ყოფილიყო.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG