Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის სამიზნეში


გიორგი გაბუნიას ცნობილმა ტელემონოლოგმა ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მათ შორის მიიპყრო როგორც მონოლოგის ადრესატის, ვლადიმირ პუტინის, ასევე მისი ქვეშევრდომის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ყურადღებაც. კადიროვმა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ „პუტინისთვის სიცოცხლეს დათმობს“, ქართველ ჟურნალისტს ურჩია საიმედოდ დაიმალოს, რადგან „მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომელიც უდიდეს პატივს სცემს ვლადიმირ პუტინს და, რომ პირველივე შემხვედრს შეუძლია გაუკეთესოს მას ის, რასაც იმსახურებს“.

სასჯელი „პირადულზე შეხების“ გამო

რამზან კადიროვის ეს მუქარა იმთავითვე სერიოზულად აღიქვა კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემ, რომლის თქმითაც, აშკარაა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში კადიროვი იქცა პუტინის რეჟიმის მთავარ ე.წ. „შემსრულებლად“. შესაბამისად, მას არ გაჰკვირვებია, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა 12 ივნისს თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ალექსანდრე კვახაძე
ალექსანდრე კვახაძე

„სადაც ოპონენტთან ანგარიშის გასასწორებლად უკანონო მეთოდებია საჭირო, ყოველთვის ერთვება კადიროვი. ჩვენ ყველას გვახსოვს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ამბავი, ბორის ნემცოვის მკვლელობა... ამ ორივე საქმეში კვალი სწორედ რომ კადიროვთან მიდის, რასაც უამრავი საგამოძიებო თუ ჟურნალისტური მასალა ადასტურებს... რაც შეეხება ზოგადად კადიროვის ე.წ. „სამიზნეებს“. აქ შეიძლება მოხვდნენ როგორც სტრატეგიული საფრთხის შემცველი პირები, როგორებიც იყვნენ მაგალითად ნემცოვი და პოლიტკოვსკაია (პირველი გამორჩეული ოპოზიციონერი ლიდერი იყო, პოლიტკოვსკაიამ კი ამხილა სამხედრო დანაშაული ჩეჩნეთის რესპუბლიკაში), ასევე ის პირებიც, რომლებიც, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, პუტინის ან კადიროვის „პირადულს შეეხნენ“, - ამბობს ალეკო კვახაძე.

2017 წლის დეკემბრიდან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ჩეჩნეთის ლიდერი „მაგნიტსკის აქტით“ სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი იმის გამო, რომ კადიროვს ადანაშაულებენ ადამიანების წამებასა და გაუსამართლებლად ლიკვიდაციაში.

ბლოგერების მტერი

რამზან კადიროვი განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს იმ ბლოგერების მიმართ, რომლებიც მის საქმიანობას აკრიტიკებენ.

2020 წლის 30 იანვარს საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით მოკლული ნახეს იმრან ალიევი, 44 წლის ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც გამოირჩეოდა რამზან კადიროვის კრიტიკით.

ტუმსო აბდურაჰმანოვი
ტუმსო აბდურაჰმანოვი

კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი, ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომელსაც შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში დაესხა დაქირავებული მკვლელი, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ბლოგერი დარწმუნებულია, რომ თავდასხმის უკან რამზან კადიროვი იდგა.

„ჩემთვის კადიროვი რუსეთის მეფისნაცვალი, ხალხის მოღალატე, ტირანი და ბოროტმოქმედია. ჩეჩენი ხალხისთვის გმირები არიან ისინი, ვინც წინ აღუდგა და იბრძოლა რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ. ამ ხალხს ყველა იცნობს. არასოდეს არ ყოფილა გმირი ისეთი ადამიანი, ვინც რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. ის ჩემი მტერია, რა თქმა უნდა, ის ნებისმიერი ნორმალური, წესიერი ადამიანის მტერია“, - განუცხადა ტუმსო აბდურაჰმანოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „კავკაზ.რეალიის“.

რა ემართებათ კადიროვის მტრებს

საქართველოს მოქალაქე 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2018 წლის 23 აგვისტოს გერმანიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით მოკლეს. 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ხანგოშვილი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა რუსეთის ფედერალური არმიის წინააღმდეგ. ზეილიმხან ხანგოშვილს 2015 წლის 28 მაისსაც დაესხნენ თავს: თბილისის ცენტრში უცნობმა ბოროტმოქმედმა რამდენჯერმე ესროლა მას და მიიმალა.

ადამ ოსმაევი და მისი მეუღლე ამინა ოკუევა
ადამ ოსმაევი და მისი მეუღლე ამინა ოკუევა

ჩეჩენი ადამ ოსმაევი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს 2017 წლის 31 ოქტომბერს. კიევის ცენტრში მას და მის ცოლს, ამინა ოკუევას, თავს დაესხნენ. შედეგად ამინა დიღუპა, ადამ ოსმაევი კი დაიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში ცოლ-ქმარი უკრაინის მხარეზე იბრძოდა.

2011 წელს სტამბოლის ერთ-ერთ პარკინგზე ჩაცხრილეს სამი ჩეჩენი, რომლებიც რუსეთის მიერ ტერორიზმთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილი. თურქეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი დახოცეს რუსეთის აგენტებმა, რომლებმაც შემდგომ ქვეყანა დატოვეს.

2009 წელს იუტუბით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი აცხადებდა, რომ რამზან კადიროვმა მას მაგომედ ოჩერჰაჯის, ნორვეგიაში მცხოვრები ჩეჩნური დიასპორის ლიდერის, მოკვლა დაავალა. სავარაუდო კილერი, სახელად რუსლან ხალიდოვი, ამბობდა, რომ მას აწამებდნენ და აიძულებდნენ შეესრულებინა დავალება.

უმარ ისრაილოვი
უმარ ისრაილოვი

2009 წლის 13 იანვარს, ვენაში მოკლეს კადიროვის ყოფილი მცველი, უმარ ისრაილოვი, რომელიც ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა ოთხ ჩეჩენს. რამზან კადიროვმა, სავარაუდოდ, მისი შეპყრობა და უკან, ჩეჩნეთში, ჩაყვანა დაავალა. 2011 წელს ვენის სასამართლომ ისრაილოვის მკვლელობაში ბრალი წაუყენა ჩეჩნური წარმომავლობის სამ პირს, მათ შორის ყოფილ ჩეჩენ პოლიციელს, ლეხა ბოგატირიოვს.

სულიმ იამადაევი, კადიროვთან დაპირისპირებული გავლენიანი ჩეჩნური კლანის წარმომადგენელი, 2009 წლის 28 მარტს მოკლეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, დუბაიში. ექვსი თვით ადრე მოსკოვის ცენტრში თავდამსხმელებმა მოკლეს მისი ძმა, რუსეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რუსლან იამადაევი.

ძმები იამადაევები
ძმები იამადაევები

1996-1997 წლებში ჩეჩნეთის პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი ტერაქტის (მანქანაში აფეთქების) შედეგად დაიღუპა კატარის დედაქალაქ დოჰაში, 2004 წელს.

კადიროვის თვითშემოქმედება თუ?..

საერთაშორისო ურთიეთრობათა დოქტორი, თორნიკე შარაშენიძეც მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან, რომლის უკან, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ლიდერი და რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

„ერთი ის, რომ კადიროვი ღიად იმუქრებოდა და მეორე ის, რომ რუსები მსგავს რამეს დაუსჯელად არ ტოვებენ... მიაჩნიათ, რომ ეს პრესტიჟის საქმეა! მიაჩნიათ, რომ მათი უნდა ეშინოდეთ, ხოლო თუ ასეთი საქციელი ვინმეს შერჩება, ფიქრობენ, რომ მათიც აღარავის შეეშინდება“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე, რომლის შეფასებით, კადიროვი იდეალური შემსრულებლია იმ თვალსაზრისით, რომ პუტინს ყოველთვის შეუძლია პასუხისმგებლობის ტვირთის მასზე გადატანა:

„მშვენიერი მეხამრიდია: ვერასოდეს იქნები დარწმუნებული იმაში, დამოუკიდებლად მოქმედებს თუ მოსკოვთან შეთანხმებით. ამიტომ კარგი მეხამრიდია მოსკოვისთვის, რომელსაც ყოველთვის შეუძლია იმართლოს თავი და თქვას, მე რა შაუში ვარ, ამ კაცს ვერავინ აკონტროლებს“.

ალეკეო კვახაძის თქმით კი, როცა რამზან კადიროვი ანგარიშს უსწორებს ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ, როცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პირების მკვლელობას ეხება საქმე - ისეთებისას როგორიც იყო ზელიმხან ხანგოშივლი, ანა პოლიტკოვსკია, ბორის ნემცოვი - რა თქმა უნდა, აუცილებლად შეთანხმებული იქნება.

„გაბუნიას მკვლელობის მცდელობაც არ უნდა იყოს მხოლოდ კადიროვის თვითშემოქმედება“, - უთხრა ალეკო კვახაძემ რადიო თავისუფლებას, - „ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის დუმამ იმდენად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნია, რომ სხდომა მიუძღვნა გიორგი გაბუნიას იმ ცნობილ მონოლოგს, ამიტომ უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია პუტინის ძალაუფლების ვერტიკალთან, კადიროვი უბრალოდ შემსრულებელია“.

ალეკო კვახაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს კადიროვის მიერ გამოყენებულ დასჯის ფორმებზე.

აიშატ ინაევა, ბოდიშს უხდის რამზან კადიროვს
აიშატ ინაევა, ბოდიშს უხდის რამზან კადიროვს

„ან კლავენ ან საჯაროდ ახდევინებენ ბოდიშს. არაერთი ასეთი ვიდეო დღევს ინტერნეტში იმ ადამიანებისა, რომლებმაც გააკრიტიკეს კადიროვი თუნდაც გზის მშენებლობის ან სხვა რამის გამო. მიდიან მათთან კადიროვის შეიარაღებული ჯგუფის წევრები და საჯაროდ, ჩართული ვიდეოკამერის წინ ახდევინებენ ბოდიშს. ასეთი ბოდიში რიგითი მოქალაქეების გარდა, მოუხდიათ ცნობილ ადამიანებსაც, მაგრამ გაბუნია, ცხადია, არ აპირებს ბოდიშის მოხდას. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და ასე მართავს ქვეყანას, ქურდულ მენტალიტეტში კანონიერი ქურდის შეურაცხყოფა კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა და ისჯება სიკვდილით. ამ გაგებით ხელმძღვანელობს პუტინიც და - კადიროვიც. ცხადია, მათთვის სტრატეგიულ საფრთხეს არ ქმნის გიორგი გაბუნია, მაგრამ ის შეეხო უმაღლესი ავტორიტეტის ღირსებას, რაც, მათი გაგებით, სასიკვდილო დანაშაულია“, - უთხრა ალეკო კვახაძემ რადიო თავისუფლებას.

შეამცირებს თუ არა მკვლელობის მცდელობის ჩავარდნა გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის საფრთხეს?

ალეკო კვახაძე ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მაგალითი (რამდენიმე წარუმატელები მცდელობა) დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ამიტომ ქართული სპეცსამსახურები ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG