Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს ვარკეთილის ბაზრობის ხანძრით დაზარალებულებს


Georgia -- Fire, Varketili Market, Tbilisi, 15Jun2020
Georgia -- Fire, Varketili Market, Tbilisi, 15Jun2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის შერეულ ბაზარზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანიამ ამის მზაობა გამოხატა:

„მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, თვითონ დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება. თბილისის მერიაც მზად ვართ, რომ შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით. პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა ამ საკითხზე და მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შეხვედრები და კონსულტაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეების ქონება სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ იყო დაზღვეული.

ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს 4000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა სასაწყობე ჯიხურები. მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ ათასობით ლარის ზარალი მიიღო. გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG