Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დევნილ ბიძას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა


რიფაატ ალ-ასადი
რიფაატ ალ-ასადი

საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დევნილებაში მყოფ ბიძას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა ფულის გათეთრების ბრალდებით.

17 ივნისს რიფაატ ალ-ასადი დამნაშავედ ცნეს საფრანგეთში მილიონობით ევროს ღირებულების ქონების შეძენისთვის სირიის სახელმწიფოს კუთვნილი თანხით.

პარიზის სასამართლომ დაადგინა, რომ მას უნდა ჩამოერთვას საფრანგეთში დაახლოებით 90 მილიონი ევროს ღირებულების ქონება.

82 წლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დეკემბერში შიდა სისხლდენის დიაგნოზით იქნა ჰოსპიტალიზებული საფრანგეთის საავადმყოფოში, არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას.

ის უარყოფს ბრალეულობას და აცხადებს, რომ ქონება საჩუქრად მიიღო საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისგან.

რიფაატ ალ-ასადის ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს. როგორც იტყობინებიან, „ჰამის ყასბის“ სახელით ცნობილი რიფაატ ალ-ასადი ხელმძღვანელობდა ჯარებს, რომლებმაც სისხლში ჩაახშვეს 1982 წლის ამბოხება ცენტრალურ სირიაში. 80-იანი წლების შუაში მან ქვეყანა დატოვა და დევნილებაში ცხოვრობს.

რიჰაატ ალ-ასადს ბრალი დასდეს, რომ თავისი ძმის, ჰაფეზ ალ-ასადისთვის ხელისუფლების წართმევა სურდა. ჰაფეზ ალ-ასადი 1971 წლიდან სიკვდილამდე, 2000 წლამდე მართავდა სირიას.

ჰაფეზის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა მისმა ვაჟმა, ბაშარ ალ-ასადმა.

როცა 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რიფაატ ალ-ასადმა თავის ძმისშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG