Accessibility links

ჯორჯ ფლოიდის ძმა გაეროს მოუწოდებს, გამოიძიოს აშშ-ში რასიზმისა და პოლიციის ძალადობის შემთხვევები


ფილონიზ ფლოიდი

აფრიკელი ამერიკელი ფილონიზ ფლოიდი, რომლის ძმა ჯორჯ ფლოიდი მაისის ბოლოს დაიღუპა მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მოუწოდებს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება აშშ-ში „პოლიციის მიერ შავკანიანთა მოკვლისა“ და „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის“ შემთხვევებზე.

ფილონიზ ფლოიდმა ვიდეომიმართვაში გააკეთა ეს განცხადება ჟენევაში მდებარე საბჭოს მისამართით, როცა 17 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებების საკითხების უმაღლეს ორგანოში დებატები გაიმართა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის შესახებ.

დებატები მოეწყო აფრიკული ქვეყნების მოთხოვნით, რომლებიც ცდილობენ, გამოძიებულ იქნეს პოლიციის სისასტიკისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევები აშშ-ში.

ეს ნაბიჯი მოჰყვა ამერიკაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რასაც ბიძგი მისცა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა 25 მაისს. ფლოიდი ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვისთვის დააკავეს და დაკავების პროცესში თეთრკანიან პოლიციელს მისთვის კისერზე მუხლი ჰქონდა დაჭერილი დაახლოებით ცხრა წუთის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ, ფლოიდის თქმით, ის ვეღარ სუნთქავდა.

კიდევ ერთი შავკანიანის სიკვდილს, რომელსაც 12 ივნისს ატლანტაში დაკავებისას ორჯერ ესროლა ზურგში, ძალადობრივი გამოსვლები მოჰყვა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში შავების სიცოცხლე არ არის ფასეული,“ განუცხადა ფილონიზ ფლოიდმა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს. „რაც ვიდეოში ნახეთ, თუ როგორ აწამეს და მოკლეს ჩემი ძმა, ასე ექცევა ამერიკაში პოლიცია შავკანიანებს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG