Accessibility links

"გენდერული თანასწორობა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ქალები და კაცები არიან აბსოლუტურად ერთნაირები და იდენტურები. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ხედვა"


სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ს საქართველოს მისიის კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გამოაქვეყნეს გენდერულ საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულების გამოკვლევის - “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება” - შედეგები.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გამოაქვეყნეს გენდერულ საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულების გამოკვლევის - “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება” - შედეგები.

ეს კომპლექსური დოკუმენტი საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ საშუალებას იძლევა საზოგადოების დღევანდელი აღქმები და პოზიციები შედარდეს 7 წლის წინანდელი მსგავსი გამოკვლევის შედეგებს და აგრეთვე სხვა ქვეყნებში არსებულ შეხედულებებს, ვინაიდან ის ეფუძნება საერთაშორისო კვლევის (Image) მოდულს.

UNDP-ს კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ჭიჭინაძე რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს, რომ გენდერული თანასწორობა მცდარად წარმოუდგენიათ განვითარებადი ქვეყნების გამოწვევად:

„სინამდვილეში, ეს არის პრობლემა მთელი კაცობრიობისთვის. ეს არის ძირეული, მენტალური, საზოგადოებრივი ცხოვრების სტილთან დაკავშირებული, პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც განაპირობებს არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობას, არამედ ქვეყნის განვითარებას უფრო ფართო გაგებით: ეკონომიკურ განვითარებას, გარემოს დაცვას, პოლიტიკის ჩამოყალიბებას. პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი საზოგადოების განვითარებაში, რომელიც ცალსახად არ იყოს დამოკიდებული თანასწორობაზე“.

სოფო ჭიჭინაძის თქმით, დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია ძველი მოდელებით და კლიშეებით, ადამიანის პოტენციალის სრულად გამოყენების გარეშე:

„მსოფლიოში ტარდება ბევრი კვლევა, რომელიც ცალსახად გვიჩვენებს, რომ, რაც უფრო გენდერულად თანასწორია საზოგადოება, მით უფრო მეტად ვითარდება ის ეკონომიკურად. გენდერულად თანასწორი საზოგადოება ნიშნავს, რომ კაცებს და ქალებს აქვთ არა მხოლოდ თანაბარი უფლებები, არამედ ამ უფლებების და პიროვნული შესაძლებლობების განხორციელების თანასწორი შესაძლებლობა“.

საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხები ხშირად ტრადიციებთან კონფლიქტში აღიქმება და ბევრი ადამიანი ამაში საფრთხესაც კი ხედავს:

„საქმე იმაშია, რომ გენდერული თანასწორობა არანაირად უშლის ხელს ტრადიციებს და არ მოდის მათთან წინააღმდეგობაში. საქართველოში გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითები, ისტორიული.

გენდერული თანასწორობა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ქალები და კაცები არიან აბსოლუტურად ერთნაირები და იდენტურები. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ხედვა გენდერული თანასწორობის.

გენდერული თანასწორობის ამოსავალი პრინციპი არის ის, რომ ქალებმა და კაცებმა თანაბრად შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება, საკუთარი არჩევნის გაკეთება.

არჩევანს უნდა აკეთებდე, ქალი ხარ თუ კაცი, არა იმიტომ, რომ ამას მოითხოვს საზოგადოება და სოციალური კლიშეა, არამედ ადამიანი არჩევანს უნდა აკეთებდეს იმიტომ, რომ მას ასე უნდა, სწორად მიაჩნია, იმიტომ, რომ ეს არის მისი შესაძლებლობების ფარგლებში“.

ბოლო გამოკვლევამ, რომელიც 16 ივნისს გასაჯაროვდა გარკვეულწილად ოპტიმისტური შედეგი აჩვენა:

„გამოირკვა, რომ გენდერული თანასწორობის პრინციპები შემაშინებელი ან შემაშფოთებელი არ არის საზოგადოებისთვის. ჩვენი რესპონდენტების 80%-ზე მეტმა თქვა, რომ თანასწორი უფლებები და მათი განხორციელება არანაირად არ ნიშნავს, რომ რომელიმე სქესს მიენიჭება უპირატესობა ან რომელიმე დაიჩაგრება.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეებს გენდერული თანასწორობის არ ეშინიათ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კლიშე არის შემორჩენილი საზოგადოებაში, თუმცა ამ კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია საკმაოდ მოკლე დროში.

ამ ორ კვლევას (2013 და 2020) შორის არის 7 წელი და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ქალების შემთხვევაში ცოტა უფრო სწრაფად იცვლება მიდგომები, უფრო მეტად თმობენ სტერეოტიპებს, ვიდრე კაცები“.

როგორც „დილის საუბრების“ სტუმარი განმარტავს, უახლესი გამოკვლევის შედეგები დარდება ორ წინამორბედ გამოკვლევასთან, რომელიც 2013 წელს ჩატარდა: გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების აღქმებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევებს საქართველოში.

რადიო თავისუფლების აუდიტორიის გამოხმაურებამაც განაპირობა და თავად გამოკვლევაშიც გამოჩნდა, რომ დღემდე ძალიან აქტუალურია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული გარკვეული კლიშეები:

„კლიშეების მატარებელ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასე ფიქრობს ყველა და ეს არის ასპროცენტიანი ჭეშმარიტება, რომელსაც წყალი არ გაუვა. მაგრამ, ჩვენი კვლევით ირკვევა, რომ სოციალური ტრენდი და სოციალური დაკვეთა ჩვენს საზოგადოებაში არის განსხვავებული, ვიდრე ამ კლიშეების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ.

მაგალითად, წელს გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თითქმის 60% ამბობს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა ჯერ არ არის მიღწეული. 2013 წელს ამას გაცილებით ნაკლები ადამიანი ამბობდა. შესაბამისად, 2013 წელს საზოგადოებას ეგონა, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში იყო მოგვარებული და არანაირ დამატებით ძალისხმევას ეს სფერო არ საჭიროებდა.

ასევე საინტერესოა, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში იქნება უკეთესი. ეს არის პირდაპირი სახით სოციალური დაკვეთა - ქალები უფრო აქტიურები უნდა გახდნენ პოლიტიკაში.

მიუხედავად ამ დადებითი ტრენდებისა, რა თქმა უნდა, გამოვლინდა ისიც, რომ ჯერ კიდევ არსებობს საკმაოდ ფესვგადგმული კლიშეები. იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხრეა ქალების პოლიტიკაში მეტად ჩართვის, ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ კაცები არიან უკეთესი პოლიტიკოსები და უკეთესი ბიზნესლიდერები, ვიდრე ქალები. მოსახლეობის 48% თვლის, რომ ქალის მთავარი მოვალეობა არის ოჯახზე ზრუნვა და არა მისი პროფესიული კარიერა. მართალია, საგრძნობლად შემცირებულია 2013 წლის შემდეგ, მაგრამ 48% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კაცების 40% თვლის, რომ კაცს და ქალს არ შეუძლიათ პროფესიული მოვალეობის თანაბარი ხარისხით შესრულება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი კვალიფიკაცია არის თანაბარი.

ქალების 85% თვლის, რომ პროფესიული კარიერის გზაზე მათ გაცილებით მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს და ამას კაცებიც (58%) ეთანხმებიან“.

სოფო ჭიჭინაძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოყოფს გამოკვლევის კიდევ ერთ ნაწილს, რომელიც ოჯახსა და ოჯახში როლების გადანაწილებას ეხება:

„როცა კვლევის შედეგები ვნახე, ძალიან გამაოცა იმ ფაქტმა, რომ დაოჯახებული კაცი რესპონდენტების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ არასდროს გამოუცვლიათ საფენი ბავშვისთვის. ბუნებრივია, საფენი არ არის ყველაზე საყვარელი ნივთი, მაგრამ ეს არის ძვირფასი დრო ჩვენს ცხოვრებაში და თუ მშობელი სრულიად შეგნებულად ამოაგდებს ამ პერიოდს თავისი გამოცდილებიდან, ეს ალბათ, არის ძალიან სერიოზული განსჯის საკითხი. ეს მერე უკვე განაპირობებს სხვა გენდერული კლიშეების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ოჯახებში საქმეები ისევ გენდერული პრინციპით ნაწილდება. პრაქტიკულად 80%-ს სცილდება მაჩვენებლები, რომელიც აჩვენებს ქალმა რა უნდა გააკეთოს - უდიდესი ნაწილი საოჯახო საქმის ქალისთვის არის მიკუთვნებული.

ერთადერთი საკითხი, სადაც კაცი და ქალი რესპონდენტები თანხმდებიან, არის ის, რომ დეკრეტული შვებულება კაცებმაც უნდა გამოიყენონ და ქალებმაც. ეს ნიშნავს წინგადადგმულ ნაბიჯს საზოგადოების ცნობიერებაში“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG