Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოხმაურება ახლად შექმნილ პეტიციაზედ, სასტიკი კადრების გავრცელების შემდეგ


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

არ მეგონა თუ კიდევ გავიგონებდი ასეთ ხმას.

არ მეგონა, რომ კიდევ ვიხილავდი ისეთ სურათს, მივიწყებულ ბავშვობაში რომ მქონდა ნანახი. მივიწყებულში იმიტომ, რომ რაღაცები ჯობია, რომ დაივიწყო.

ხმა იყო ძაღლის და ბავშვის, სურათი კი იყო სისხლიანი.

გერმანულ ნაგაზს ჰყავდა კბილებში მოგდებული, პატარა შავი ცუგა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და წკმუტუნით ითხოვდა შველას, მაგრამ საპასუხოდ, თავზე წამომდგარი ბავშვი, აბსოლუტურად შეშლილი სახით, ითხოვდა მის ბოლომდე დაგლეჯას, აქეზებდა და აგულიანებდა თავის ნაგაზს, რომ პატარა ცუგასთვის, თავი მოეგლიჯა.

იქნებ საერთოდ არ ჩანდა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამ ბავშვის შეშლილი სახე, მაგრამ, მაინც დავინახეთ.

უცბად ამომიცვივდა გონებაში, ის ძველი ხმები, სახეები და სისხლი.

მურა, „ფოსფორა“ და სისხლი.

კვირა იყო ის დღე, რომელიც ბრძოლებისთვის შეირჩა, არ ვიცი ვინ გადაწყვიტა ასე, მე რომ იმ გარემოში აღმოვჩნდი, წესები უკვე დადგენილი იყო. ხმებიც ყველგან ისმოდა, მაგრამ, აბა ვის ანაღვლებდა?!

ჩემ ფანჯარაშიც აღწევდა ბრძოლის ხმები და მოუთმენლად გავრბოდი მოედნისკენ, სადაც პატარა და დიდი ბავშვები იყვნენ შეკრებილნი და ძაღლებს აჩხუბებდნენ. ჩემთვის ეს პირველ რიგში სანახაობა იყო, მეც სხვების მსგავსად გამიჯდა აზარტში და ბრძოლის დაწყების წინ ყოველთვის ვირჩევდი ჩემ ფავორიტს. თუ იგებდა ბრძოლის მერე ფრთხილად ვეფერებოდი ხოლმე, ფრთხილად იმიტომ, რომ ნაჩხუბარ ძაღლებს მოფერება არ სიამოვნებთ, მომენტალურად იღრინებიან, ჰგონიათ, რომ ისევ თავს ესხმიან, ამიტომ ფრთხილი ხელის შეხებით ვცდილობდი, რომ რაღაც საქებარის მსგავსი ეგრძნო ჩემგან.

ძაღლების ჩხუბი მაშინ გახშირდა, როცა საქმეში ფული ჩაერთო, ფული მაშინ მაგრად ჭირდა, მაგრამ ხალხს, რომელიც იქ იკრიბებოდა, უცბად შეეძლო რაიმე ღირებულის გაჩენა, ფული კი ისე მოქმედებს აზარტზე, როგორც ცეცხლზე ნავთი.

კვირაობით უკვე მსურველთა რიგები იდგა, კარგად ნავარჯიშები ძაღლები მოჰყავდათ, ვარჯიშით კი ქუჩის „დვარნიაშკებთან“ ავარჯიშებდნენ, ქუჩაში შენიშნავდნენ და თავიანთ ცხოველებს დააგლეჯინებდნენ, ქუჩის ძაღლებიც აგრესიულები იყვნენ, სიბნელე, სროლა და წივილ-კივილი, მხოლოდ ჩვენზე არ მოქმედებდა სტრესულად, ძაღლებიც იგივე გარემოში იზრდებოდნენ და მტრობა მათაც იცოდნენ, ამიტომ, მაშინდელი ქუჩის ძაღლები, არ ჰგავდნენ დღევანდელ „ბუკიას ბაღის ცუგებს“, ჩორნას და მიშუს, მაქსის და კუპატას, არც „ვაკის გამგეობის ცუგებს“ ჰგავდნენ, მაშინდელი ცუგები, მებრძოლი ძაღლები იყვნენ, ალესილი კბილებით, ჩასისხლიანებული თვალებით და სავარაუდოდ ცოფით.

ქუჩის დაგლეჯილ ძაღლებს ლილია პატრონობდა, თავად საპატრონო იყო, მაგრამ ცუგებს პატრონობდა, ისინიც ჭკვიანად დაყვებოდნენ და ლუკმასაც თანაბრად იყოფდნენ. ლილია „ბორჯომის მაღაზიის“ უკან ცხოვრობდა, ბულაჩაურის ქუჩის კუთხეში, თვითნაკეთი სახლი ჰქონდა, ძირითადად ჟესტებით და კარდონებით აწყობილი, მთავარ სიმდიდრეს კი მისი ძაღლები წარმოადგენდნენ.

ეს დაბნეული, დასტრესილი ქუჩის ცხოველები, სავარაუდოდ დაცულად გრძნობდნენ მასთან თავს და მოგვიანებით თავადაც იცავდნენ, როცა ლილიას ეზოდან გასახლება მოუნდომეს. ვერავინ მიეკარა, ძაღლების შეეშინდათ. ეშვები გამოაჩინეს, თვალები კვლავინდებურად წითლად უელავდათ, ერთ-ერთის ჩამოწელილი ძუძუები იმაზეც ანიშნებდათ, რომ სულ ახალი დაყრილი ჰყავდა ლეკვები, სადღაც ისეთ კუთხეში, ლილია, რომ სახლს ეძახდა.

სამაგიეროდ „ფოსფორა“ მიეკარა პატარა ცუგას, რომელიც შესაძლოა, იმ ჩამოწელილ ძუძუებიანი ძაღლის იყო და ცხვირზე პატარა შავი ლაქის გამო, მურა დაარქვა. გამოაბა კისერზე თოკი და ჩემიაო, გამოაცხადა. ლილიასი არ იყოს, „ფოსფორასაც“ არ ჰქონდა სიმდიდრით გამორჩეული ცხოვრება და ეს პატარა სიხარული მიისაკუთრა, ოღონდ განზრახვა იყო გულისმომკვლელი. „ფოსფორას“ ბევრი და-ძმა ჰყავდა, თავად, ყველაზე უფროსს, ჰქონდა ვალდებულება, რომ პატარებისთვის მიეხედა, ფული კი არ იყო, არსად არ იყო, ფული კი არა პურიც არ იყო, მაგრამ მოედანზე, რომ ხმაური ატყდებოდა, იქ ფულიც გაჩნდებოდა ხოლმე, ფული კიდე საჭმელია, საჭმელი მაძღარი თვალებია, პატარა და-ძმების მაძღარი თვალები კიდე, უფროსმა ძმამ, შეიძლება ცხოვრების საზრისადაც აქციოს.

ასე მიყვა მიზეზები ერთმანეთს და მურა იარაღად იქცა, ოღონდ იქამდე უნდა გაზრდილიყო და ზრდის პროცესში სუსტ მეტოქეებს უნდა შეხვედროდა. ვინც არ იცის, ეს დაუწერელი კანონია, პირველად ყოველთვის გაცილებით სუსტთან უნდა იჩხუბონ, იმისათვის, რომ სისხლი იგრძნოს და ბრძოლას შეეჩვიოს, თორემ პირველი ბრძოლა თუ წააგო, მერე შიში უჩნდება და მებრძოლად ვეღარ აქცევა.

დაიწყო „ფოსფორამ“ მურას გარდაქმნა, მოფერებასაც გვიკრძალავდა, არადა ცუგა, რომ მოგადგება წყლიანი თვალებით და თბილი თავით, რანაირად არ უნდა გადაუსვა ხელი?! მაგრამ გვიკრძალავდა და ჩვენც ვიკრძალავდით, მხოლოდ მის დასანახად, ჩუმად მაინც ვეფერებოდით ხოლმე და ისიც ჩუმად გააქნევდა ხოლმე კუდს, რა თქმა უნდა გრძნობდა, რომ პატრონს არ უნდა დაენახა, ალბათ არ ესმოდა რატომ არ შეიძლებოდა მოფერება, მაგრამ ხვდებოდა, რომ დანახვის შემთხვევაში თავში წაუთაქებდნენ.

მის გამო ჩხუბი ჩვენც მოგვიწია, „ფოსფორას“ წამოაძახეს მაგ ცინგლიანს „აშეინიკი“ როგორ ჩააბიო, „ფოსფორამ“ მურას ტყავი მოხსნა და სულ იმ ბიჭს ურტყა სახეში, მერე თავისთან დაიბარა და ისიც მოვიდა ხალხით, მაგრამ ხალხი აქაც იყო, თან ისეთი ველური, რომ მეეჭვება, იმდროინდელი თბილისის, ცენტრალურ უბნებში, რაიმე მსგავსი ამოზრდილიყო.

ასე არ აპატია არავის მურას შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, თავისივე სიამაყემ აჩხუბა, მაგრამ ძაღლს სწორედ ასე ჩასძახოდა, მე შენ გამო ვიჩხუბე და ახლა შენც უნდა გაისვარო თათი ჩემს გამოო.

სანამ მურა, ლილიას ძაღლებთან ბრძოლას სწავლობდა, მანამდე მოედანზე წესები შეიცვალა, ძალიან ბევრი კამათი და ჩხუბი იყო იმის გამო, რომ საბოლოოდ ვერ გადაეწყვიტათ, ვინ იყო გამარჯვებული, ეს ხომ კრივი არ არის? როგორც წესი, თუ გამორჩეული ძაღლები იბრძოდნენ, ორივე სისხლიანდებოდა, მერე კი პატრონები ჩხუბობდნენ იმის მტკიცებით, რომ არა ჩემმა მოიგო, არა ჩემმაო.

დანაც გაშლილა ამ კამათში და ტყვიაც გავარდნილა, იმიტომ, რომ სასწორზე უკვე საკმაოდ მოზრდილი მაყუთი იდო, ამის დათმობა კი, მით უმეტეს, იმ დროს, არავის სურდა.

ახალი წესი იყო სასიკვდილო, ვინც ცოცხალი რჩება, გამარჯვებულიც ის არის. ვხედავდი როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება პატრონებსა და ძაღლებს შორის, მათთან აღარ იყო სიყვარული, თუ ოდესმე იყო საერთოდ.. აღარ უნდოდათ დასისხლიანებული ძაღლების სახლში წათრევა, აბა მათი მოვლა-პატრონობის თავი ვის ჰქონდა?!

იქვე ყრიდნენ და ტოვებდნენ.

ზოგი მართლა მკვდარი იყო, ზოგს კი წამოდგომის თავი არ ჰქონდა, მიკარებას ვერ ვბედავდი, წკმუტუნით და რაღაც საშინელი კივილით შველას ითხოვდნენ, მაგრამ მიკარებისთანავე უკანასკნელი ძალით ცდილობდა ხელი წაეჭამა შენთვის, როცა პატრონმა გაწირა, უცხოს როგორ ენდობოდა?!

ისეთი ძაღლიც დაუმარხავთ, გული, რომ ჯერ კიდევ უცემდა, თვალებმილულულს, მთელი სხეული უფეთქავდა, მაგრამ დამარხეს, იმიტომ, რომ დამარცხდა.

დილით „ფოსფორამ“ ამომძახა და წავედით მურას მოსანათლად. ყველაზე ბეჩავი და საცოდავი ძაღლი შევურჩიეთ სპარინგ-პარტნიორად, კუთხეში მივიმწყვდით და მურაც მივუშვით. „ფოსფორა“ გასაცოფებლად აქეზებდა თავისივე გამოზრდილ მურას, მაგრამ ეს შობელძაღლი გაექანა და ლოკვა დაუწყო, ისე მოეფერა და წაეთამაშა, რომ ამათი ჩხუბის შანსი არ იყო, მერე კი ვიცანით დედამისი, უბრალოდ ძუძუები აღარ ჰქონდა ჩამოწელილი.

ესეც ნათლობა!

„ფოსფორამ“ მურა სახლიდან გააგდო.

მურა მაინც ბრუნდებოდა მის კართან.

შეიფარა-გააგდო, შეიფარა-გააგდო. ცუდი ცოლ-ქმარივით იყვნენ. მერე კი როგორც იქნა გამოაჩინა მურამ კლანჭები და სადარბაზოსთან „დვარნიაშკა“ დაგლიჯა, რომელიც ნიკას უღრენდა, ნიკა „ფოსფორას“ უმცროსი და იყო, დომინიკე ერქვა და ნიკას ვეძახდით.

მურაც ამ ბრძოლის მერე შეიცვალა, ჩუმად, რომ ვცდილობდი მოფერებას, უკვე ვეღარ ვატყობდი ისეთ აღტკინებას, როგორც ადრე. „დასტოინად“ იდგა. ცხოველთა სამყაროს „ფოსფორად“ გადაიქცა. ძაღლები ხომ ყოველთვის ემსგავსებიან პატრონებს?!

კვირა გათენდა, ფანჯარა გავაღე და ნაგვის დამწვრის სუნი მეცა სახეში, ასე იყო საქმე, ეზოსთან ყოველთვის არასაკმარისი ურნები იდგა, ყუთები ნაგვის პარკებით იტენებოდა და რაც რჩებოდა იქვე ალაგებდნენ, სხვაგან აბა სად უნდა წაეღოთ?! ვერც მერიაში იჩივლებდი და ვერც „ფეისბუქზე“ დაწერდი რამეს, ან საერთოდ ვის ეცელა ამისთვის?!

ვის ეცალა და ლილიას ბანდას, რომელთაც საჭმელი არ ჰქონდათ. დაეტაკებოდნენ ნაგვის პარკებს, გაგლეჯდნენ და დაათრევდნენ ეზო-ეზო. ყველგან იფანტებოდა ნაგვის ნარჩენები, მერე მაცხოვრებლები ხვეტდნენ და წვავდნენ.

ნაგვის დამწვრის სუნს, ნაგავზე მყრალი სუნი აქვს.

ეს 90-ანების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სუნი იყო.

მართალია უკვე 2000-ანები იყო დაწყებული, მაგრამ რევოლუციამდე 90-ანები გრძელდებოდა.

ცეცხლის კვამლი, რომ გაიფანტა მოედნის ბუღიც დავინახე, მტვერი იყო ავარდნილი და სხვა დღეებთან შედარებით წყნარი ხმები მოდიოდა. გული მაგრად მიცემდა და ისე ვნერვიულობდი თითქოს მე მივდიოდი საჩხუბრად, იმ დღეს მურას უნდა ეჩხუბა, არა ვიღაც „დვარნიაშკასთან“, არამედ კარგად გაწვრთნილ ცხოველთან.

„ფოსფორა“ ჭკვიანი ბიჭი იყო და მეტოქეებსაც ჭკვიანურად არჩევდა. ამაზე არ მინერვიულია. მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რომ „ფოსფორას“ ფული არ ჰქონდა, იქ არავის ჰქონდა, მაგრამ უცბად აჩენდნენ და ამ უცბად გაჩენას, ცუდი ამბები მოყვებოდა ხოლმე, ამიტომ ეს ამბავი მაგრად მანერვიულებდა.

მურას შემხედვარე ისევ ისმოდა ირონიული შეძახილები, ის ხომ ქუჩის ძაღლი იყო, რომლისგანაც „ფოსფორას“ რაღაცის გაკეთება სურდა, არ ვიცი რისი, მაგრამ რაღაცას მიაღწია კიდეც. როდესაც მის პირისპირ ნაცრისფერი პიტბული გამოიყვანეს, გიოს მხარზე გავკარი და არა-მეთქი თავი დავუქნიე, მაგრამ სიტყვა გავარდა, ჯერ პატარაა, ამის პირველი ბრძოლაა, სისხლი არც იცის რა არისო, მერე ვაჭრობა დაიწყო - ერთი-სამთან, ერთი-ხუთთან, ერთი-ათთან. „ფოსფორას“ თუ ასი ლარი ექნებოდა მისატანი, გამარჯვების შემთხვევაში ათასს ჩაიდებდა, ეს კი ზღაპრული თანხა იყო, სრულად წარმოუდგენელი, იმდენად დამაბრმავებელი, რომ მოხსნა მურას „აშეინიკი“ და მაგრად შეაგულიანა, მიდი და ისე იბრძოლე ჩემთვის, როგორც მე ვიბრძოდი შენთვისო.

ყურებზე ხელი ჩაავლო და მაგრად ატკინა, ისე ატკინა, რომ მურამ პატრონს კბილი გაკრა, იქით მხარესაც იგივე სურათი იყო, აცეცხლებდნენ პატარა პიტბულს, რომელიც მართლა პატარა იყო, მაგრამ მაინც პიტბული იყო, „ფოსფორა“ კი იძახდა ჩხუბში მთავარი ტვინია, ქუჩის ძაღლებზე ჭკვიანი კიდე, ჩხუბში ვერავინ იქნება, ამათ რო იციან გადარჩენა, რომელი სახლის ძაღლი შეეედრებაო.

ალბათ ჯობდა, რომ თავიდანვე დაეჩაგრათ ჩვენი მურა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმისთვის მართლა პირველი ჩხუბი იყო და როგორც კი დავინახეთ, რომ მურა თავს არ იჩაგრავდა ექსტაზში ჩავარდნილები ვყვიროდით - დაგლიჯე! მოკალი!

საყოველთაო ღრიანცალი გამოიწვია სანახაობამ, სადაც მურა, პიტბულთან თავს არ იჩაგრავდა, პიტბულის პატრონს ბრძოლა არ ეყოფოდა, ყველა აქილიკებდა, ძაღლი კი არა თახვი გყოლიაო, იყო იქ დიდი ხელის აქნევა და „შენ მერე მოგხედავ ბიჭო“, მანამდე კი მოედანს მტვერი ასდიოდა და ხმები ისევ იკარებოდა, მაღალ კორპუსებთან.

მურას ყოველ გაკვნესებაზე გული ნემსით მეჩხვლიტებოდა. ხალხი კი შეიცვალა, როგორც კი ნაცრისფერმა ცხოველმა ყბებში მოიგდო ჩვენი ცუგა, უკვე მას აქეზებდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი დაემთავრებინა, არ მეყო გამბედაობა, რომ მურა გამომეთრია, „ფოსფორა“ კი წაშლილი იდგა იქვე. ის პიტბულიც იმაზე დიდი მეჩვენებოდა, ვიდრე მანამდე იყო.

ძაღლები ტირიან.

გადაბმული კვნესით ტირიან.

ამ დროს მათთან მიკარება არ შეიძლება, მაგრამ „ფოსფორა“ მაინც მიეკარა, წითლად შეღებულ, შავ დრუნჩზე გადაუსვა ხელი, ისიც შეტოკდა და გემრიელად გალოკა.

მერე იყო რევოლუცია და ცვლილებები. ცვლილებებს მოყვა ნგრევა და შენება. ნგრევა შეეხო „ფოსფორას“ კორპუსს, რომელიც დაანგრიეს და მის ნაცვლად ბულაჩაურის ქუჩის ყველაზე მაღალი და მახინჯი კორპუსის შენებას ჩაუყარეს საფუძველი.

შენება შეეხო იოსებიძის ქუჩის მოედნებს, სადაც ხელოვნურსაფარიანი გაზონი გადააკრეს და ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, თანაც ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, მათ ქვემოთ რა ხდება.

ეზოებთან საკმარისი რაოდენობის ურნები დაიდგა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ყოფილი „მენაგვეები“, ფორმებში გამოეწყვნენ და ნაგვის გატანა დაიწყეს. ქუჩის ძაღლები კი გარქნენ, არ ვიცოდი სად და როგორ, მაგრამ ძალიან ძალიან ბევრი და ნაცნობი ცუგა, უბრალოდ გაქრა.

მხოლოდ წლების მერე გავიგეთ სად და როგორ. ერთ-ერთი გარეუბნიდან მერიაში საჩივარი შევიდა, რომელიც იმდენჯერ დაიკიდეს, რამდენჯერაც ხალხმა იჩივლა. ჩიოდნენ ძაღლების გადაბმული კვნესის გამო, საშინელი კვნესის გამო, რომელიც არ აძინებდათ.

პასუხს არავინ სცემდათ და ტელევიზიაში დარეკეს, იქ კი გაჩნდა „დროების“ ჟურნალისტი, მაშინ ამ გადაცემას ბევრი მაყურებელი ჰყავდა. იმ ადგილის თანამშრომლებმა ჟურნალისტს ერთი შეუკურთხეს, ოპერატორს კი კამერა წაართვეს, მაგრამ ვერ გამორთეს, მართალია გამოსახულება არ გვიხილავს, მაგრამ მათი საუბარი კამერამ ჩაიწერა, ჩანაწერში ითქვა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა. ძაღლებს აძინებდნენ.

ეს იყო სუფთა და უსაფრთხო ქუჩის საფასური.

ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ თავშესაფრები გახსნილიყო და ძაღლებზე ზრუნვა დაეწყოთ. აბა რა იცის, დავარცხნილმა, დაბანილმა და გამომძღარმა, „ბუკიელმა მიშულიკამ“, ვინ იყვნენ მისი წინაპრები?!

ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია, ღამით იოსებიძის მოედანზე გადავიპაროთ, ბალახზე გავწვეთ და ძველი მეგობარი გავიხსენოთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG