Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა 8 მარტს შეთანხმებული საარჩევნო სისტემის პროექტი


საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი მოიწონა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. პროექტი წარმოადგენს 8 მარტს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ პროექტს სხდომაზე დამსწრე ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ წასულა.

განხილვას ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ. ისინი მოითხოვენ შეთანხმების მეორე ნაწილის სრულად შესრულებას - „მთავარი არხის“ მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

პრეზიდენტმა 15 მაისს შეიწყალა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 92 წევრი პლენარულ სხდომაზე მხარს დაუჭერს ცვლილებებს. ხმის მიცემისთვის მზად არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" შვიდი წევრი და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები". თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანმა „პატრიატთა ალიანსი" დატოვა, მასთან ცალკე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად: მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

ახალი სისტემით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება თითო პარტიისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის კი - ბარიერი განისაზღვრება 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობის ნამრავლით.

დაწესებული ზღვარი (ე.წ. „ჩამკეტი“) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, ახალი საარჩევნო სისტემა გაცილებით სამართლიანად ასახავს ამომრჩეველთა ნებას.

პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს კვირას უყრიან.

XS
SM
MD
LG