Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინსტრუქცია საკონსტიტუციო ტელეგანხილვისთვის - როგორ ჩავერთოთ და რას შეეხება?


ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 4 და 13 ივნისს, პირდაპირ ტელეეთერში გაიმართება. საზოგადოებას შეკითხვების დასმის საშუალება ინტერნეტის საშუალებით ექნება. რადიო თავისუფლება განგიმარტავთ კონკრეტულად რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებები და როგორ შეძლებთ განხილვის პროცესში ჩართვას.

რა პროცესია და როგორ შეძლებთ მონაწილეობა?

განხილვის პროცესი შედგება 4 ივნისს, 19:00 საათზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, ხოლო 13 ივნისს, 21:00 საათზე - აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

პარლამენტის თანახმად, „ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში“, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით.

თუკი შეკითხვები გაგიჩნდებათ, ისინი უნდა გაგზავნოთ ან პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე, ანდა ელ-ფოსტაზე - gankhilva2020@parliament.ge.

დისტანციური შეხვედრების გამართვის გადაწყვეტილება მიღებულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით.

ვინ უპასუხებს შეკითხვებს?

შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები.

როგორც პარლამენტში უთხრეს რადიო თავისუფლებას, სატელევიზიო შეხვედრის მონაწილეთა შორის იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის წევრი - ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე - მარიან ჯაში.

განხილვის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

რა იცვლება კონსტიტუციაში?

იცვლება ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემა და შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს.

ცვლილებების თანახმად: მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

ახალი სისტემით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება თითო პარტიისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის კი - ბარიერი განისაზღვრება 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობის ნამრავლით.

დაწესებული ზღვარი (ე.წ. „ჩამკეტი“) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, ახალი საარჩევნო სისტემა გაცილებით სამართლიანად ასახავს ამომრჩეველთა ნებას.

რამდენ მაჟორიტარს აირჩევს თბილისი და რამდენს - რეგიონები?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სულ 30 ერთმანდატიანი ოლქი იქნება და შესაბამისად, მოხდება 30 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა. აქედან 8 - თბილისის სათვალავზე მოდის.

დანარჩენი 22 მაჟორიტარი დეპუტატი არჩეული იქნება საქართველოს რეგიონებში და კერძოდ: კახეთი - 2; ქვემო ქართლი - 3; მცხეთა-მთიანეთი - 1; შიდა ქართლი - 2; სამცხე-ჯავახეთი - 2; იმერეთი - 4; სამეგრელო - 3; გურია - 1; აჭარა - 3; რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი - 1;

რა არის სადავო?

ახალი საარჩევნო სისტემის ამსახველ საკონსტიტუციო ცვლილებებში სადავო საკითხი პრაქტიკულად არ არსებობს.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ყველა პრინციპული საკითხი უკვე შეათანხმეს 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე.

სადავოდ რჩება მხოლოდ ასევე 8 მარტს გაფორმებული ერთობლივი განცხადება - მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ საკითხის გამო რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში და არ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას - თუკი ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების განცხადებით, ის 8 მარტის შეთანხმებას სრულად ასრულებს.

რა პროცედურაა საყოველთაო-სახალხო განხილვა?

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე, მოქმედი კონსტიტუცია საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცედურას მოითხოვს.

მხოლოდ საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ არის შესაძლებელი საპარლამენტო პროცედურების დაწყება. პარლამენტში უნდა გაიმართოს 3 საკომიტეტო მოსმენა და შემდეგ უკვე - საკონსტიტუციო ცვლილებები პარლემენტის სხდომაზე, ასევე 3 მოსმენით უნდა დამტკიცდეს.

კანონი არ იძლევა მითითებებს თუ რა ფორმატში უნდა ჩატარდეს საყოველთაო-სახალხო განხილვა. პანდემიამდე საქართველოში სხვა პრაქტიკა მოქმედებდა - საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი ცალკეულ ჯგუფებთან (მათ შორის - რეგიონებში).

სწორედ ასეთი მზადება იყო 2019 წელსაც, როცა „ქართულმა ოცნებამ“, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, დადო დაპირება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

2019 წლის სექტემბერში გაიმართა 11 ხალხმრავალი შეხვედრა საქართველოს ქალაქებსა და რეგიონალურ ცენტრებში: თელავში, რუსთავში, ახალციხეში, მცხეთაში, გორში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. განხილვები ტარდებოდა ადგილობრივ უნივერსიტეტებში, კულტურის ცენტრებსა თუ თეატრებში.

თუმცა შემდეგ, ეს შრომა წყალში ჩაიყარა - „ქართული ოცნების“ დაპირება არ შესრულდა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში, 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე ჩავარდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG