Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე: პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს რისკები


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

21 ივნისს გამართულ კენჭისყრაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა არ მიიღო. მათი განცხადებით, სანამ სრულფასოვნად არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და მმართველი გუნდი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, ისინი კენჭისყრებში მონაწილეობას არ მიიღებენ:

„ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მიღებული იქნება საერთო სახალხო კონსენსუსით, რაც მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას შემატებს საარჩევნო პროცესს და შემატებს მეტ ნდობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა მრავალი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, იმედს ვიქონიებ, რომ შეთანხმების ორივე მხარე ბოლომდე შესრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში და ხმა მივცეთ. ჩვენ ვიცავდით ჩვენს პრინციპებს, რომ მხოლოდ შეთანხმების მთლიანი შესრულება მოგცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიგვეღო კენჭისყრაში. ამავე დროს, პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას დღევანდელ კენჭისყრაში, რომლებმაც დააზღვიეს ერთგვარი რისკები და "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ არ მისცეს საშუალება, მოეტყუებინა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები“.

136 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე - საქართველოს პარლამენტმა, 21 ივნისს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის" წევრები. კანონპროექტის მომხრეების რიცხვში იყო დამოუკიდებელი დეპუტატების ერთი ნაწილიც. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

რაც შეეხება ხუთ დეპუტატს, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, ესენი არიან: ბიძინა გეგიძე ("ქართული ოცნება"), ალექსანდრე ერქვანია ("ქართული ოცნება"), დავით ჭიჭინაძე ("ქართული ოცნება"), ემზარ კვიციანი ("პატრიოტთა ალიანსი") და კახაბერ ოქრიაშვილი ("ქართული ოცნება").

19 ივნისს, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს „ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებების სრულად მიღება“.

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები, თუმცა, უარს აცხადებდნენ პროცესში ჩართვაზე მეორე მოსმენისას, თუკი არ გათავისუფლდება „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა, რომელიც გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, გასული წლის 14 ნოემბერს, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. მაშინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მღელვარებამ ქუჩაში გადაინაცვლა. დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, საარჩევნო სისტემის საკითხზე მხარეთა შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG