Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კიდევ ერთი მეცნიერი დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით


მეცნიერი ვიქტორ კუდრიავცევი
მეცნიერი ვიქტორ კუდრიავცევი

რუსეთში კიდევ ერთ მეცნიერს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა სამშობლოს ღალატის ბრალდებით, იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში მსგავსი, გასაიდუმლოებული საქმეები რუსეთის აკადემიის სხვა წარმომადგენლებსაც ეხება.

მოსკოვის რეგიონულმა სასამართლომ 22 ივნისს მანქანათმშენებლობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის (TsNIIMash) ყოფილ წამყვან თანამშრომელს, რომან კოვალიოვს, შვიდი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

TsNIIMash-ი რუსეთის წამყვანი ცენტრია სარაკეტო და კოსმოსური ხომალდების მშენებლობაში და ის მოსკოვთან ახლოს, ქალაქ კოროლიოვში მდებარეობს.

კოვალიოვი შარშან, ივნისში დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალად, მას შემდეგ, რაც რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში პოლიციამ მისი ბინა და აგარაკი გაჩხრიკა.

საქმის მასალები გასაიდუმლოებულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

კოვალიოვი თანამშრომლობდა ვიქტორ კუდრიავცევთან, 75 წლის მკვლევართან TsNIIMash-ში.

კუდრიავცევი 2018 წლის ივლისში დააპატიმრეს ეჭვის საფუძველზე, რომ ის ბელგიაში მოქმედ მკვლევართა ჯგუფს გადასცემდა გასაიდუმლოებულ მონაცემებს ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების შესახებ.

კუდრიავცევის ადვოკატები ამბობენ, რომ მან უარყო გამომძიებლების მიერ შეთავაზებული გარიგება, რომლის თანახმადაც, კოვალიოვის წინააღმდეგ უნდა მიეცა ჩვენება და სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანდნენ.

პატიმრობაში ყოფნისას კუდრიავცევს გულის შეტევა დაემართა და სექტემბერში წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, პირობით, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მოსკოვს არ დატოვებდა.

კოვალიოვის და კუდრიავცევის წინააღმდეგ მიმდინარე ეს საქმე ერთ-ერთია ბოლო წლებში აღძრული რამდენიმე საქმიდან, რომელთა ფარგლებშიც რუს მკვლევრებს და მეცნიერებს ღალატში ან გასაიდუმლოებული ინფორმაციის გავრცელებაში ედებათ ბრალი.

XS
SM
MD
LG