Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია: ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ ეხმაურება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პოვნას. ომბუდსმენი ფეხბურთელის გარდაცვალებას კრიმინალურ გარჩევას უკავშირებს.

„ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, - წერს ლომჯარია.

70 მეხანძრე-მაშველი დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება ცხედარს და აცხადებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა დაწყებული გამოძიება, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი.

XS
SM
MD
LG