აშშ-მა და რუსეთმა 22 ივნისს დაიწყეს ორდღიანი მოლაპარაკება ატომური იარაღის კონტროლის შესახებ ძალაში დარჩენილი მათი უკანასკნელი ხელშეკრულების, ანუ ახალი START-ის შესახებ, რომელიც აწესებს შეზღუდვას ორივე ქვეყნის არსენალში გრძელი რადიუსის ბირთვულ ქობინებზე.
ვენაში შეკრებილ დელეგაციებს ხელმძღვანელობენ აშშ-ის წარმომადგენელი, მარშალ ბილინგსლი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. გავრცელებული ვარაუდით, ახალი START-ის თაობაზე ხელშეკრულება ახლო მომავალში ვერ გაფორმდება. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურება.
რუსეთი გამოდის ხელშეკრულების გახანგრძლივების მოწოდებით, ამჟამინდელი შეზღუდვით, რომელიც ორივე ქვეყანას 1,550-1,550 ქობინის ქონის უფლებას აძლევს. თუმცა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოსკოვთან ორმხრივი ხელშეკრულებები მოძველებულია და სურს ატომური იარაღის შესახებ ყველა სამომავლო ხელშეკრულებაში პეკინიც იყოს ჩართული. ჩინეთმა არაერთხელ უარყო მისი მოლაპარაკებებში ჩართვის მცდელობები. ჩინეთი თავის ბირთვულ არსენალს აფართოვებს, თუმცა ის მაინც უფრო მცირეა, ვიდრე აშშ-ის და რუსეთის პროგრამები.