Accessibility links

გვარამია ბოდიშს იხდის „მთავარ არხზე" გასულ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სიუჟეტის გამო


„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტფაქტუმში“ გასული სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა.

„მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის); მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები; მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მთავარმა არხმა" დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ „შეცდომები მოსულა" და რომ „მთავარ არხს“ აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით”, - დაწერა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამიამ.

„მთავარი არხის“ ეთერში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სიუჟეტი 2020 წლის 21 ივნისს გავიდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ქარტია აღნიშნავს, რომ გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების იდენტიფიცირებითაც, რასაც ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG