Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმამ პროკურატურას მიმართა, შეისწავლოს რადიო თავისუფლების პუბლიკაციები


რუსეთის დუმის სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ ვასილი პისკარიოვმა გენერალურ პროკურატურას რეაგირებისთვის გაუგზავნა ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების მასალები. ეს კომისია რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტების გამოსაძიებლად შექმნეს.

პისკარიოვის განცხადებით, პროკურატურას სამართლებრივი შეფასებისა და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა მონაცემები „დეზინორმაციის სისტემატური ტირაჟირების შემთხვევების“ შესახებ.

დუმის დეპუტატი, პარტია „ედინაია როსია“-ს წევრი რადიო თავისუფლებას და მის პროექტებს, „ამერიკის ხმას“ და გერმანულ მაუწყებელს „დოიჩე ველეს“ ასახელებს იმ მედიასაშუალებებად, რომლებიც „ტენდენციური პროპაგანდისტული პუბლიკაციებით გამოირჩევიან“.

პისკარიოვის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობენ ინფორმაციას, რომელიც ეხება რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კენჭისყრის დღეს „უცხოეთიდან ინსპირირებულ პროვოკაციებს და აქციებს უცხოური ტრენინგების კურსდამთავრებულთა მონაწილეობით“.

დუმის დეპუტატი ამბობს, რომ ამ ქმედებებში იკვეთება რუსეთის საშინაო საქმეებსა და რუსეთის მოქალაქეთა ნების გამოხატვაზე ზემოქმედების მცდელობა, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

რუსეთში ამ კვირაში დაიწყება საყოველთაო-სახალხო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საპრეზიდენტო ვადის „განულებასაც“. ეს ცვლილება პუტინს აძლევს პრეზიდენტად ახალი ვადებით კენჭისყრის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG