Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის КГБ თბილისს ამჯერად, ეკოლოგიურ ტერორიზმში ადანაშაულებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (КГБ) საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს „საზღვართან“ სიტუაციის დესტაბილიზაციის გაგრძელებაში.

კერძოდ, КГБ-ში ირწმუნებიან, რომ ამჟამად ქართული მხარე ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული საგუშაგოს მოწყობას. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ქართველმა პოლიციელებმა მთელ პერიმეტრზე მიწაყრილის გასაკეთებლად გამოიყენეს გრუნტში ჩაფლული ასობით უტილიზებული საბურავი. КГБ-ში აცხადებენ, რომ „ეს ქმედება სხვა არაფერია, თუ არა ეკოლოგიური ტერორიზმის აქტი, რომელიც ზიანს აყენებს სამხრეთ ოსეთის ბუნებას და სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იმასაც აცხადებს, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ავტომობილის საბურავების ამ სახით გამოყენებით არღვევს ბაზელის კონვენციას საშიში ნარჩენების კონტროლის შესახებ და „ევროპის ნარჩენების კატალოგს“, რომელიც უკვე გამოყენებული საბურავების ნივთიერებებს საშიშ კატეგორიად აღიარებს.

КГБ-ში ამბობენ, რომ მიწაში ჩაფლული საბურავების მტვერი ხელს უწყობს კიბოთი დაავადებას და სინაგურის შემთხვვეაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს“, არამედ მოსაზღვრე ქართული სოფლების მოსახლეობასაც და თავად საგუშაგოზე მყოფ, შსს-ს თანამშრომლებს.

КГБ მადლობას უხდის „ზოგიერთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ პატრიოტულად განწყობილ ლიდერებს თანადგომისა და დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს არაგულგრილ მოქალაქეებს და თავისი სამშობლოს პატრიოტებს, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ ოსურ მხარეს შესწავლისა და ფართოდ გახმაურებისთვის“.

ბოლო ხანია, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ხშირად ავრცელებს განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების „პროვოკაციული და მავნებლური“ ქმედებების, მათ შორის, „ლუგარის ლაბორატორიის“ გამოყენებით ბიოტერორიზმის შესახებ.

XS
SM
MD
LG