Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საყდრისის კომიტეტი": ანანური საფრთხეშია!


ანანური
ანანური

„ანანური საფრთხეშია!“, - აცხადებენ „საყდრისის კომიტეტში კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და შეშფოთებას გამოხატავენ სამონასტრო კომპლექსში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო.

მათი განცხადებით, მათ ჯერ კიდევ შარშან, ივლისში გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდა ტურისტების უკონტროლო გადაადგილება კომპლექსის ისედაც ჩამოშლილ გალავანსა და ქონგურებს.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში იყო კოშკების სახურავები და ღვთაების ტაძრის ფრესკები.

მაშინ პრობლემას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციაც გაეცნო და გადაწყდა, კომპლექსის რეაბილიტაციამდე ძეგლის დაზიანებული ადგილები შეფუთულიყო, ტურისტების გადაადგილება კი შეზღუდულიყო.

2019 წლის შემოდგომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსის დაზიანებული ნაწილები შეფუთა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ადგილზე ჩასულ აქტივისტებს ვითარება ისევ რთული დახვდათ:

„ამკრძალავი ბარიერები ერთხანს ნამდვილად აკავებდნენ ტურისტებს, თუმცა, შემდგომ გახშირდა ამ ბარიერების გარღვევის ან შემოხევის ფაქტები და ძეგლის დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც განახლდა, განსაკუთრებით კოშკებში.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა ღვთაების ტაძარში, სადაც მიწიდან ამოსული წყალი მუდმივად მოედინება ტაძრის ძველ იატაკზე, რის გამოც ტაძარში მუდმივად იგრძნობა ნესტი, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ისედაც დაზიანებულ უნიკალურ ფრესკებს.

ტაძარში საფლავთან სვეტს, სადაც ძველი ქართული ტექსტია ამოტვიფრული, ორ ადგილას აკლია ქვები. სამწუხაროდ, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ქვები სპეციალურად არის ამოღებული თუ დაზიანების გამო ჩამოიყარა. მონასტერში არ იციან სად წავიდა სვეტის ქვები, როგორც ადგილზე შევიტყვეთ სავარაუდოდ ჩანგრეული უნდა იყოს „შეუპოვარის“ (კოშკი) ხის ძელებიც“, - წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საყდრისის კომიტეტი წერს, რომ უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ანანურის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გამოსწორების სამოქმედო გეგმა უნდა დაესახა, პირველი შეხვედრის შემდეგ აღარ შეკრებილა.

ისინი მოუწოდებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ასევე მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დროულად მიიღონ ზომები კომპლექსში კონტროლის გაძლიერებისთვის და დაიწყონ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსებული ანანურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ისინი მართლაც იყვნენ ადგილზე ჩასულები, პროცესში ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობაც, რომელსაც სთხოვეს მეტი ყურადღების გამოჩენა და მეთვალყურეობის გაწევა, რადგან თავად სააგენტო მხოლოდ ერთ ძეგლს მუდმივ მეთვალყურეობას ვერ გაუწევდა, მით უმეტეს, გვეუბნება სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა ბარამიძე, ეს არის საპატრიარქოს საკუთრება.

„ჩვენ შარშან შევიმუშავეთ დროებითი მექანიზმები იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ უბნებზე, სადაც დაუშვებელი იყო დამთვალიერებლების გადაადგილება, ყოფილიყო შემზღუდავი ბარიერები. და ეს ასეც იყო. შემდეგ დაიწყო სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო პროექტის მზადება, რომელიც უკვე გადაცემულია ფონდ „ქართუში“, რომელიც დაგვთანხმდა, რომ დააფინანსებს სამუშაოებს. უკვე მიმდინარე თვეში ფონდი თავად აფორმებს კონტრაქტს შემსრულებელთან და იწყება ფიზიკური სამუშაოები“, - უთხრა ბექა ბარამიძემ რადიო თავისუფლებას.

ბექა ბარამიძე ამბობს, რომ ეს იქნება კომპლექსური სამუშაოები, რაც ანანურის კომპლექსში დღეს არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის.

XS
SM
MD
LG