Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ანგარიში: 2019 წელს კვლავაც დიდი იყო ტერორიზმის საფრთხე, ირანი ექსტრემისტულ ჯგუფებს ეხმარებოდა


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2019 წელს „შენარჩუნებული იყო სახიფათო ტერორისტული საფრთხეები“ მიუხედავად ირანის, „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების წარუმატებლობისა.

ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 24 ივნისს გამოქვეყნდა, სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ იზრდებოდა თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის მიმდევართა მხრიდან თავდასხმების რაოდენობა.

ირანი, რომელიც ანგარიშში მოხსენიებულია, როგორც „მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე უარესი ხელშემწყობი“, და მისი მარიონეტები განაგრძობენ „მსოფლიო მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვას და აღსრულებას.“

თეირანი ასევე განაგრძობდა „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ქსელისთვის ირანში მოქმედების უფლების მიცემას, „ფულს და მებრძოლებს აგზავნიდა კონფლიქტის ზონებში ავღანეთსა და სირიაში და კვლავაც აძლევდა [„ალ-ყაიდის“] წევრებს ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას.“

„დაბოლოს, ირანის რეჟიმი განაგრძობდა როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების გზით ძალადობის გაღვივებას ბაჰრეინში, ერაყში, ლიბანში, სირიასა და იემენში,“ ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ერაყსა და სირიაში ტერიტორიების, ასევე ლიდერის დაკარგვის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფო“ მოერგო ვითარებას და „საკუთარი ფილიალების მეშვეობით აგრძელებდა ბრძოლას მთელ მსოფლიოში და თავდასხმებისკენ აგულიანებდა მიმდევრებს.“

ამავე დროს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შარშან როგორც ირანმა, ისე „ისლამურმა სახელმწიფომ“ და „ალ-ყაიდამ“ სერიოზული დამარცხებები განიცადეს, მათ შორის ზოგიერთი მაღალი რანგის მეთაურის მოკვლის შედეგათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, თეთრკანიანი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი თავდასხმები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ეს „სერიოზული გამოწვევაა მსოფლიო თანამეგობრობისთვის“.

ანგარიშში ჩამოთვლილია რიგი ასეთი თავდასხმებისა 2019 წელს, მათ შორის ახალ ზელანდიაში, გერმანიასა და აშშ-ში.

ტერორიზმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ ის არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის წევრი და ის 2019 წლის განმავლობაში აშშ-სთან აქტიურად თანამშრომლობდა კონტრტერორისტულ საკითხებში.

დოკუმენტში ძირითადი ყურადღება ეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გამართულ სწავლებებსა და წვრთნას.

„საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობდა კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან ორმხრივ სწავლებასა და ტრენინგებში და ის უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად რჩებოდა“, ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა.

„საქართველოს ძირითადად შესწევს ტერორისტული ინციდენტების აღმოჩენის, შეკავებისა და მათზე რეაგირების უნარი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წამყვანი უწყებაა, რომელიც დაკავებულია ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებით და გამოძიებით და ის ძირითადად კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია,“ წერია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG