Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის ადგილზე კონკურსი გამოცხადდა


გამოცხდდა შესარჩევი კონკურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე. ამის თაობაზე ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. საუბარია იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც საბჭოში მას შემდეგ განჩნდა, რაც არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს 25 ივნისს, პრეზიდენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ანა დოლიძის განცხადება მიიღო.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო 22 ივნისს დატოვა. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა და მთელ თავის რესურსებს მოძრაობას „ხალხისთვის“ დაახარჯავდა.

სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დაეტოვებინა თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებდა. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობის საკითხზე თავისი მოსაზრება გამოხატა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც და მხარი დაუჭირა იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. ჯანეზაშვილმა ანა დოლიძეს მოუწოდა, განმარტოს, ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას, მოძრაობას „ხალხისთვის“ და რატომ?

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს ანა დოლიძემ საპასუხო კრიტიკით უპასუხა, იგი მიქაუტაძე-მეთოფიშვილი-გვრიტიშვილის კლანის გვერდით დგომაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მზად იყო პოლიტიკური საქმიანობის გამო კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ თავი სასამართლოში დაეცვა. ნაზი ჯანეზაშვილმა დავის სასამართლოს გზით გაგრძელებაზე უარი სასამართლოსადმი უნდობლობის გარდა უარი თქვა ასევე იმ მოტივით, რომ ანა დოლიძე ამასაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდა.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის იმედს გამოთქვამდა, რომ ანა დოლიძე თავად მიიღებდა დროულ გადაწყვეტილებას.

ამავე განცხადებაში ეწერა, რომ პირმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები და ესმოდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა 18 ივნისს ანა დოლიძის, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილისა და პარლამენტის წევრ ლევან კობერიძის მიერ „ახალი პლატფორმის“ შექმნა.

ანა დოლიძემ პრეზიდენტის განცხადების გამოხმაურებაში აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის სიტყვები „იმ პროცესის ლუსტრაციაა“, რომელზეც იგი ბოლო დღეებია საუბრობს.

ანა დოლიძის შეფასებით, ეს ალიანსი „კლანის მშობელია“, მათი ერთობლივი პოლიტიკური სქემა კი არის ყველას დაზიანება, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს „ნაც-ქოცური“ ალიანსის დაპირისპირებაში.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა, მოგვიანებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე. ანა დოლიძე აღნიშნავდა, რომ მოძრაობა „ხალხისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად პრეზიდენტის კვოტით 2018 წლის იანვარში დაინიშნა. კონსტიტუცია პრეზიდენტს საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას ანიჭებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG