Accessibility links

კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საკონტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საკონტიტუციო ცვლილები პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზების სისტემური შესაძლებლობაა. უფრო თანაბარი სათამაშო პირობების უზრუნველყოფით და საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, საკონტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ.

ეს განცხადება ევროკავშრის ელჩმა საქართველოში ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად გააკეთა, იყალთოში ყოფნისას, სადაც ის ევროკავშრის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთ პროექტის განხორციელებას გაეცნო.

კარლ ჰარცელის სიტყვით, ასევე მნიშვნელოვანია ის თუ რამხელა მხარდაჭერა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენისას. ვინაიდან ეს ლეგიტიმაციის თემას უკავშრდება.

„მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სიგნალს აძლევს ეს ყველას საქართველოში და გარე სამყაროში. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებას ახორციელებ, ან, როდესაც საქმე საარჩევნო რეფორმას შეეხება, საუკეთესო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერით უნდა გაკეთდეს - რათა უზრუნველყოფილ იყოს ლეგიტიმაცია და ყველამ მიიღოს სიგნალი, რომ სხვადასხვა მხარეებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმება მოხდა. შესაბამისად, ორივე კონსტიტუციური ცვლილების და, როგორც უკვე ვახსენე, საარჩევნო რეფორმის მხარდამჭერთა რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. ყველა მხარის ფართო ჩართულობა განსხვავებულ სიგნალს აგზავნის და განსხვავებულ წონას სძენს“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

მან 23 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენის დროს კენჭისყრისას გამოთქვა იმედი, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენაზე ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება.

როდესაც საქმე კონსტიტუციურ ცვლილებებს შეეხება, წინასწარ გარანტირებული არაფერია, თუმცა საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონსტიტუციური ცვლილებები ორშაბათს, მესამე მოსმენისას მიიღებენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ცვლილებებს დიდი და განგრძობადი მხარდაჭერა აქვს - ყველა მხრიდან. ჩემთვის ცხადია, რომ ამ ცვლილებებს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება არჩევნების მოსამზადებლად. ეს ცვლილებები პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზების სისტემური შესაძლებლობაა. უფრო თანაბარი სათამაშო პირობების უზრუნველყოფით, რასაც ეს ცვლილებები აკეთებს, საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

რაც შეეხება მხარდამჭერი ხმების რაოდენობას მესამე მოსმენისას, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ „ამაზე პასუხი არ აქვს“.

"უბრალოდ არ ვიცი. რამდენიმე სცენარია შესაძლებელი. თუმცა, საბოლოოდ ცვლილებებს ალბათ მიიღებენ. რაც საშუალებას მოგვცემს შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და საარჩევნო რეფორმას მივხედოთ. აქაც, ვიმედოვნებ შევძლებთ ფართო ჩართულობის ნახვას - უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნა ხომ ყველას ინტერესებშია“,- ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

მისივე განცხადებით, სხვა საეთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად თვალს მიადევნებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებასაც.

„რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ის უფრო ხანგრძლივი რამაა, ვიდრე მხოლოდ ეს კენჭისყრა. 8 მარტს გაკეთებული ვალდებულებები შეეხებოდა ამ არჩევნებისთვის მზადებას და არჩევნებამდე კიდევ 4 თვეა დარჩენილი. ჩვენ, როგორც ფაცილიტატორები გავაგრძელებთ ამ შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთების დაცვა ყველა მხარის პასუხისმგებლობაა“,- ამბობს კარლ ჰარცელი.

საკონონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი იცვლება, პირველი მოსმენით 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორე მოსმენისას კი კანონპროექტში ცვლილებს 115 დეპუტატი მიემხრო.

ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

პირველ კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას 136 მხარდამჭერ დეპუტატს შორის 20 ხმა "ევროპულ საქართველოს" ეკუთვნოდა. მათ მეორე მოსმენის კენჭისყრაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ჯერი უკვე ხელისუფლებაზე იყო და გიორგი რურუა უნდა გაეთავისუფლებინათ. გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამ აზრს არ იზიარებს ხელისუფლება.

მეორე მოსმენით კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ყოფილი თანაგუნდელებისა და "პატრიოტთა ალიანსისგან" მოაგროვა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა; კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ნატო ჩხეიძემ შეიკავა.

საკონტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG