Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი უკრაინის საკითხს წამოჭრის პუტინთან საუბარში


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს აპირებს ვიდეოკონფერენციის გამართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, კორონავირუსის პანდემიისა და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის განიხილავენ უკრაინაში შექმნილ ვითარებას.

საფრანგეთი და რუსეთი, გერმანიასთან ერთად შედიან „ნორმანდიულ ოთხეულში“, რომლის ბოლო შეხვედრა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების თაობაზე გასული წლის დეკემბერში პარიზში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მიმოიხილავენ ასევე სირიაში, ირანსა და ლიბიაში შექმნილ სიტუაციას.

მიუხედავად იმისა, რომ 19 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთისათვის სანქციების ვადის გაგრძელებას, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ წარუმატებლობა განიცადა რუსეთის მიმართ ბოლო წლებში გატარებულმა სანქციების პოლიტიკამ და მოუწოდებს ევროკავშირს, გადახედოს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია სიცხადის შეტანა და თანამშრომლობა საერთაშორისო კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკრაინული მედიის თანახმად, 12 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, იმყოფებოდა პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკურ მრჩეველთან გამართა შეხვედრა. ამ კონტაქტების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიაში განაცხადეს, რომ კიევი მნიშვნელოვნად მიიჩნევს „საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობას ნორმანდიულ ფორმატში“.

XS
SM
MD
LG