Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: ეროვნულ ანტიკორუფციულ სისტემაში მაღალი შეფასება 12-დან 3 ინსტიტუტს აქვს


საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სისტემაში მაღალი შეფასება 12-დან მხოლოდ 3 ინსტიტუტს აქვს. შეფასებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

"ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების თანახმად (რომელიც 2015-2020 წლებს მოიცავს), ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციების დამოუკიდებლობა, რესურსები, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლაში შეტანილი როლი ფასდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე;
  • პარლამენტისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა;
  • პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე;
  • ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე;
  • ხელისუფლების წარმომადგენელთა თავდასხმები სახალხო დამცველსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

რეკომენდაციები:

  • პოლიტიკური კონკურენციის წახალისება, მათ შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმირების გზით.
  • უნდა გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმების აღსრულება პრაქტიკაში;
  • საქართველომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დაცული იქნება მის საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან;
  • ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან;
  • უნდა აღმოიფხვრას ე.წ. კლანის გავლენა სასამართლო სისტემაში;
  • ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერი სახის ზეწოლისგან.
XS
SM
MD
LG