Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ვარაუდობს, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულზე პოლიციის მაღალჩინოსანმა იძალადა


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, გიორგი გელხაური ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიციის მაღალჩინოსანმა იძალადა. ამის შესახებ მან დღეს, 27 ივნისს, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეორე დღეს ისაუბრა.

"სხვა პოლიციელები მას ეპყრობოდნენ მოწიწებით, მიმართავდნენ მამის სახელით, შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყოს პოლიციაში ეს პიროვნება", - თქვა ადვოკატმა.

მან დღესაც გაიხსენა ბრალდებულის მიერ მოყოლილი გარემოებები, რომელიც, მისი თქმით, პოლიციელის მხრიდან ძალადობას აღწერდა:

"მას ძლიერად ჩაარტყეს თავის არეში, როდესაც მან უთხრა გარკვეულ პირობაზე, რომ ისე არ იყო და ამ პოლიციელს სურდა მისგან მიეღო შესაბამისი ჩვენება და შემდგომ უკვე როდესაც ის გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ხიდთან, მცხეთის გადასახვევთან, იქ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, ზურგში ჩაარტყა მუშტი".

შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, სამართლებრივად იმოქმედებენ.

საქმის გამოძიება უკვე დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. სწორედ მათ უფლებამოსილებაში შედის სამართალდამცავების მხრიდან ჩვენების მიღების დროს შესაძლო ძალადობის საქმეების შესწავლა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი) და ჩვენების დროს ძალადობის (335-ე მუხლი) მუხლებით დაიწყო. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.

27 ივნისს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. მათ ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ნაწილს კი ძალადობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG