Accessibility links

ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე პოლიციამ იძალადა


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიციამ იძალადა. ამის შესახებ მან დიღმის პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განცხადა.

"ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა პოლიციელებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა [ხელი] თავში, მოხვდა ზურგში... მშობელიც ადასტურებს", - თქვა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, სამართლებრივად იმოქმედებენ.

"მე როგორც ვიცი, ეს განცხადება შეიცავს შემდეგ შინაარსს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს . ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდეგ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ გაკეთდა აღნიშნული განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ და ეს განცხადება გაკეთდა ამ ადამიანის დაკავების შემდეგ", - თქვა მან და იქვე განმარტა, რომ თუ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, ეს გამოვა ცრუ დასმენა.

დღეს, 26 ივნისს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. მათ ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ნაწილს კი ძალადობაში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 4 დღის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG