Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს კენჭს მესამე მოსმენით უყრიან


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის კონსტიტიციური კანონპროექტის რედაქტირებულ ვარიანტს, რომელმაც პარლამენტის არჩევის წესი უნდა შეცვალოს.

12 საათზე დანიშნულ რიგგარეშე სხდომამდე, საკითხის დღის წესრიგში შეტანას განიხილავენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და ბიურო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტის რეგლამენტის 114-ე მუხლით, „კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ჩავარდნილ კანონპროექტზე ვრცელდება რეგლამენტის 112-ე მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესი“. ამ პუნქტში კი წერია, რომ „თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას“.

რეგლამენტში წერია ისიც, რომ „მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს მისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემთხვევაში“.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

21 ივნისს, პირველი მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა. მათ შორის იყვნენ ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოითხოვენ პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„ევროპულმა საქართველომ“ მაშინვე განაცხადა, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე, შემდგომ მოსმენებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში დატოვების გამო, 23 ივნისს, „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა აღარ მიიღო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრაში. პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტი 115-ხმით დაამტკიცა. მას „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარდა, მხარი დაუჭირეს, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ორ ოპოზიციურ პარტიას 8 მარტის შეთანხმების და უცხოელი ელჩების წინაშე დადებული პირობის შესრულებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ისედაც მიღებენ. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ 2019 წლის ნოემბერში დაკავებული, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

მმართველი და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკების მონაწილე დიპლომატები და აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წევრები ორივე მხარეს მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების სრულად დაცვისკენ. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი პირდაპირ მოითხოვს რურუას გათავისუფლებასაც.

კონსტიტუციური კანონპროექტის ორი მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა, კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ხაზი გაუსვეს მრავალპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG