Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას პოტენციური მეტოქე ვიქტარ ბაბარიკა უშიშროების იზოლატორში დატოვეს


ვიქტარ ბაბარიკა
ვიქტარ ბაბარიკა

მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლომ 30 ივნისს განიხილა და უარყო ვიქტარ ბაბარიკას საჩივარი მის პატიმრობასთან დაკაშირებით.

გავრცელებული ცნობით, ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც მე-11 დღეა იმყოფება უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში, სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.

ბაბარიკას ადვოკატს, დმიტრი ლაევსკის, რომელსაც გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი, სასამართლოს მოტივებზე არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ დაცვის მხარე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მინსკის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, აღიარა, რომ პირადად დაავალა საქმის აღძვრა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტებისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ.

ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ არიონ ვითარება ქვეყნის შიგნით და „იერიში მიიტანონ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ“.

ლუკაშენკამ ასევე აღიარა, რომ მისი დავალებით დააპატიმრეს მისი პოტენციური მთავარი მეტოქე, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და დღემდე უცნობია მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ.

სულ საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ბელარუსში დააკავეს 400 ადამიანი. აშშ და ევროკავშირი მინსკს მოუწოდებენ, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, აპირებს, რომ მეექვსე ვადით იყაროს კენჭი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG