Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ევროკავშირს მადლობას უხდის მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შეყვანას 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში.

„დღეს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს. საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით”, - აღნიშნავს გახარია.

პრემიერი მიუთითებს, რომ ახლა მთავრობა უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად (კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად) იყოს შესაძლებელი მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლა.

„საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - დაამატა მთავრობის მეთაურმა.

ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ევროპულმა საბჭომ, 30 ივნისს მიიღო რეკომენდაცია, რომელიც 1 ივლისიდან ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვის თანდათანობით მოხსნას ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

15 ქვეყნის სიაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, შედის საქართველოც, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ჩამონათვალში საქართველოს გარდა შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG