Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ კონსულტაცია გამართა


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის საპარლამენტო შემადგენლობის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ კონსულტაციები მეტწილად მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე გაიმართა.

„მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი“, - უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

დეპუტატმა პროპორციული სიის პირველი ნომრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, პირადად მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურას. „ნებისმიერ შემთხვევაში მამუკა მდინარაძისთვის მისაღებია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც სწორად ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის აღმოჩნდა, ბევრისთვის შეიძლება გასაკვირადაც კი იმდენად კარგი კრიზის-მენეჯერი, რომ, მათ შორის, მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რაზეც COVID – 19-ის შესახებ შეგვიძლია, ვისაუბროთ. ანუ აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, რომელმაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ბევრმა ქვეყანამ“, - თქვა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ახლად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული წესით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ.

XS
SM
MD
LG